ილიაუნის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი - ეს არის მთლიანად პოლიტიკურ მიზნებზე მიმართული პროცესი და გადაწყვეტილებები, მითუმეტეს, როცა ვხედავთ, რომ დაჩქარებული ტემპით ახორციელებენ ამ რეფორმას

ეს არის მთლიანად პოლიტიკურ მიზნებზე მიმართული პროცესი და გადაწყვეტილებები, მითუმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ დაჩქარებული ტემპით ახორციელებენ ამ რეფორმას, - ასე შეაფასა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ქეთი ცოტნიაშვილმა განათლების სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ქეთი ცოტნიაშვილმა განუცხადა, ეს არის აკადემიური მართვის პრინციპების, აკადემიური ავტონომიის სრული დარღვევა, რაც მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის განათლების ხარისხის განვითარების მიზანთან.

„მთლიანად ეს პროცესი, რისი მომსწრენი ვართ, რომ სახელმწიფო ცენტრალიზებულად განსაზღვრავს კვოტებს და უნივერსიტეტებს უსაზღვრავს იმ პროგრამებს, რომლის განხორციელების შესაძლებლობა მათ აქვთ, ეს არის აკადემიური მართვის პრინციპების, აკადემიური ავტონომიის სრული დარღვევა, რაც მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის განათლების ხარისხის განვითარების მიზანთან. ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაზეც გვეუბნებიან, რომ არის დასაქმების ბაზარზე დაფუძნებული კვოტების განსაზღვრა, ესეც არის სრულიად არავალიდური, რადგან ჩვენ არავის გვინახავს ეს კვლევა. სოციალურ ქსელშიც არაერთი პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან წერს, როგორი არალოგიკურია თითოეული მიმართულებით კვოტების ამ ფორმით განსაზღვრა. ამას არაფერი კავშირი აქვს, თუნდაც შრომის ბაზრის კვლევის მოთხოვნებთან. ეს არის მთლიანად პოლიტიკურ მიზნებზე მიმართული პროცესი და გადაწყვეტილებები, მითუმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ახორციელებენ ამ რეფორმას. ჩვენ, როგორც განათლების სკოლის პროფესორებმა ძალიან კარგად ვიცით, იმისთვის, რომ განათლებაში მდგრად განვითარებას მივაღწიოთ, დაჩქარებული ტემპით ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ეს მიზანი არ მიიღწევა. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ თანამონაწილეობით, გონივრულად, დროში გაწერილი და ფინანსურად უზრუნველყოფილი პროცესის შესაბამისად",-განაცხადა ქეთი ცოტნიაშვილმა.

ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამოსცა. დადგენილების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი