თენგო თევზაძე - უკვე არსებობს შეთანხმების დოკუმენტი, შინაარსი და პრინციპები შეთანხმებულია - დოკუმენტზე ხელის მოწერის ნაწილში ვის რა არ მოსწონს, რატომ არ აწერს ხელს, ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგო თევზაძის განცხადებით, არსებობს შეთანხმების დოკუმენტი, რომლის შინაარსი და პრინციპები მხარეებს შორის შეთანხმებულია და დოკუმენტი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება.

თენგო თევზაძემ, ოპოზიციის გეგმებსა და ერთიანობის აუცილებლობაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

თევზაძის თქმით, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწევთ.

მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდებიან ღია და ოფიციალურ პასუხს, ხოლო „ლელომ“ უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

„მინდა ვთქვა, რომ უკვე არსებობს შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც რედაქციული ხასიათის ცვლილებებს საჭიროებს, შინაარსი და პრინციპები შეთანხმებულია. უახლოეს დღეებში ეს დოკუმენტი გახდება საჯარო. დოკუმენტზე ხელის მოწერის ნაწილში ვის რა არ მოსწონს, რატომ არ აწერს ხელს, ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ. თუ ეს ერთობა ვერ შედგა, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვისაც აღებული აქვთ ხელში ერთობის დროშა. ერთობის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაგრამ ერთობა არასდროს შეუქმნიათ სხვასთან. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ მეტი ბარიერის შექმნას. ეს დოკუმენტი გავლილია. ჩვენ ველოდებით ღია და ოფიციალურ პასუხს „ნაციონალური მოძრაობისგან“. „ლელოსგან“ მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ხელს არ აწერენ. ეს მათი პოზიციაა და გასაგებია“ , - განაცხადა თევზაძემ.

თევზაძემ ოპოზიციური ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოების ორ მთავარ მოთხოვნას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას.

„ოპოზიციამ უნდა შევქმნათ ისეთი ერთიანობა, რომელიც საზოგადოების ორ მთავარ მოთხოვნას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნას შეასრულებს. ახალი სამართლიანი არჩევნები რომ დაინიშნება, ოპოზიცია უნდა დასხდეს და გადაწყვიტონ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ დიახ, შესაქმნელია.

საქმე საქმესთან რომ მიდგება, ერთიანობასთან დაკავშირებით მესმის ბუნდოვანი პოზიცია. ვინმეს არ მოსწონს თენგო თევზაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ა.შ. მოწონებაზე არ არის საუბარი. აქ არის ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ეროვნული ინტერესი.

ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, გაერთიანება. ერთიანობასთან ერთად უნდა გავშალოთ ბრძოლის სტრატეგია თუ როგორ უნდა დავასუსტოთ ივანიშვილის რეჟიმი. ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ეს ერთობაც უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა მას დიდი ძალა ჰქონდეს. უნდა გავიგოთ თუ რატომ არ გამოდის ერთობა 13 წლის მანძილზე”,- განაცხადა თევზაძემ.

ოპოზიციის გამოწვევებზე საუბრისას თევზაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გაძლიერებული ზეწოლის ფონზე, მათთვის აუცილებელია საკუთარი ლეგიტიმაციის განმტკიცება.

მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია არ აქვს, რის გამოც, თევზაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს ოპონენტების დაკავებას და მათზე ციხით ზემოქმედებას.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა