კაია კალასი - რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მეტს აღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ყურადღება ევროპის ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრაზე უნდა გამახვილდეს.

„ამიტომ შევთავაზე წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მიმართ ჩვენი მოთხოვნების კონკრეტული მანდატი. ამიტომ, ვინც არ უნდა მივიდეს ამ მაგიდასთან, ინდივიდუალურად თუ ორმხრივად, მან რუსებისგან ეს ყველაფერი უნდა მოითხოვოს. ესტონურ ენაში გვაქვს გამონათქვამი, რომ თუ ბევრს ითხოვ, ცოტას იღებ; თუ ცოტას ითხოვ, არაფერს იღებ და თუ არაფერს ითხოვ, დამატებით იხდი“, - აღნიშნა კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„ეს უკრაინაში იწყება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი დონბასი არ არის“, - აღნიშნა კალასმა, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი სუპერსახელმწიფო არ არის.

„ათწლეულზე მეტხნიანი კონფლიქტის შემდეგ, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის შემდეგ, რუსეთი ძლივს გასცდა 2014 წლის საზღვრებს და რა დაუჯდა? მსხვერპლი 1.2 მილიონის ოდენობით. დღეს რუსეთი გატეხილია, მისი ეკონომიკა დაქუცმაცებულია. ის გათიშულია ევროპის ენერგეტიკული ბაზრებისგან და მისივე მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. სინამდვილეში, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც რუსეთი ამჟამად წარმოადგენს, არის ის, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მეტს აღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე მიაღწია“, - აღნიშნა კალასმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა