თამარ ონიანი - „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განსხვავებული აზრის დევნის პრაქტიკის გაგრძელებაა

ეს საკანონმდებლო პაკეტი არის გაგრძელება განსხვავებული აზრის დევნის პრაქტიკის, - ასე შეაფასა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

მისი განცხადებით, ეს ცვლილებები იმ სისტემური კრიზისის ნაწილია, რაც დღეს ქვეყანაშია.

„ეს საკანონმდებლო პაკეტი ვერ იქნება იზოლირებულად განხილული იმ მთელი რიგი სისტემური კრიზისისგან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და იმ მთელი რიგი შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებისგან, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა და მათი უდიდესი ნაწილი არის ძალაში. ამიტომაც, ეს საკანონმდებლო პაკეტი რეალურად არის გაგრძელება განსხვავებული აზრის დევნის პრაქტიკის, რომლის მიზანიც არის საზოგადოების ყველა სივრციდან განიდევნოს განსხვავებული, კრიტიკული პოზიცია“, - განაცხადა ონიანმა.

ცნობისთვის, "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით "გრანტის" ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება დგინდება, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება“ განმარტავს, მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!