თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმის დუმილი უფრო მეტ კითხვებს აჩენს - მძიმე ამბავია, როცა რუსეთის ვიცე-პრემიერს „საქართველოს რკინიგზა“ პასუხობს - რატომ არ ამოუღია ხმა არც მაკა ბოჭორიშვილის კანტორას და არც კობახიძეს, ვისაც უნდა ეპასუხა?

რუსეთს არა მარტო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა სურს, არამედ საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლა და თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის განცხადებას გამოეხმაურა, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

თეონა აქუბარდიას თქმით, ასევე „მძიმე ამბავია“, როდესაც რუსეთის ვიცე-პრემიერს საქართველოს რკინიგზა პასუხობს და არა მთავრობის წარმომადგენლები.

„რუსეთს სამხრეთ კავკასიაში შემობრუნება აწყობს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება შეერთებულმა შტატებმა მოახერხა. მთავარი პრობლემა არის საქართველოს სუვერენიტეტი, რადგან აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. რუსეთს არა მარტო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა სურს, არამედ საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლა და თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნება.

ასევე, მძიმე ამბავია, როდესაც რუსეთის ვიცე-პრემიერს რკინიგზის კომპანია პასუხობს, რომ „ჩვენ არაფერი ვიცითო“. ივანიშვილის რეჟიმის დუმილი კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს მაშინ, როდესაც 2012 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთთან რკინიგზის გახსნა შესაძლებელია“. ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრა, რომელიც გია ვოლსკიმ დაადასტურა და განაცხადა, რომ საუბრის შინაარსი აფხაზეთში რკინიგზის გახსნის საკითხსაც შეეხოო. ასევე მნიშვნელოვანია, ენგურის მიღმა, გალში აშენებული ტერმინალი, რაზეც ივანიშვილის რეჟიმი დუმდა. ეს ტერმინალი ფართო სურათში უნდა დავინახოთ, რადგან ამ ტერმინალით წესდება საზღვარი, ანუ საზღვარი ფსოუდან-ენგურზე გაივლის, თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას მისცემს აფხაზეთს რკინიგზის გასახსნელად. ტერმინალის ე.წ. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ თბილისმა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა დადოს აფხაზეთთან. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 2008 წლეს ომი არა რუსეთთან, არამედ აფხაზეთთან გვქონია“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პოლიტიკოსმა ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამისთვის აუცილებელია, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.

„რუსეთთან ჩვენ კომუნიკაცია ჟენევის ფორმატის ფარგლებში გვაქვს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა. მაგრამ დიალოგით ერთი ერთზე, როდესაც საქართველო მარტოა, ვერაფერს წამოვიღებთ. რუსეთი კი თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ჟენევის ფორმატიდან გამომდინარე გრძელვადიანი მშვიდობა არ დადგეს. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ ომის გარდა მან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ კი რუსეთი უკან წაიღებს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ასევე, მიხაილ გალუზინი [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე] საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით არსებობს, კიდევ ერთი ბერკეტია ჩვენს წინააღმდეგ. რატომ პასუხობს რკინიგზა [რუსეთის ვიცე-პრემიერს], არც მაკა ბოჭორიშვილის კანტორას ხმა არ ამოუღია და არც კობახიძეს, ვისაც უნდა ეპასუხა ამაზე. რუსეთი თავისი ინტერესების კუთხით წინსვლას ახორციელებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ივანიშვილმა, რომ თქვას, ამას არ გავაკეთებო [სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან], რა ძალა აქვს წინააღმდეგობის გასაწევად, როდესაც ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული? მაშინ როდესაც პაპუაშვილისა და რუსეთის ნებისმიერი პირის იდენტური განცხადებები აქვს. მაშინ, როდესაც კირცხალია და ზახაროვა შვედეთის წინააღმდეგ ერთი ტექსტით გამოდიან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიამ, ასევე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო აგრესიის განმეორების რისკზეც. მისი შეფასებით, აღნიშნული რისკი კვლავ არსებობს.

„რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განმეორების რისკი, რა თქმა უნდა, არ მოხსნილა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველო მარტო არის დარჩენილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო გაზების რაოდენობაც გაზრდილია. მაშინ, როდესაც მოსახლეობის წინააღმდეგობა ბოლომდე გადატეხილი არ აქვს იმ პროპაგანდით, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში ახორციელებს. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთი დღეს სუსტია. მაგრამ ერთია ომის, რისკები, მაგრამ მეორეა, თუ ვინ უწყობს ამ რისკების ზრდას ხელს საქართველოში, ეს ივანიშვილის „ოცნებაა“. ივანიშვილმა ომის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!