მინდა ვისაუბრო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებმაც თავის დროზე, მოახერხეს და ამ უდიდესი, საუკეთესო კეთილშობილური იდეის, სამოქალაქო სექტორის იდეის დისკრედიტაცია მოახდინეს - ზოგს სურს, რომ პოლიტიკური დროშის ქვეშ განაგრძოს საქმიანობა, არ გამოვა! იმიტომ, რომ საზოგადოება ამას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადებაში „ყველა თავად ამოიცნობს საკუთარ თავს“.
„ერთი ხელით მინდა გადავწვდე იმ არასამთავრობოებსაც, რომლებმაც თავის დროზე, მოახერხეს და ამ უდიდესი, საუკეთესო კეთილშობილური იდეის, სამოქალაქო სექტორის იდეის დისკრედიტაცია მოახდინეს. ზოგს სურს, რომ პოლიტიკური დროშის ქვეშ განაგრძოს საქმიანობა, არ გამოვა! იმიტომ, რომ საზოგადოება ამას მხარს არ დაუჭერს. ვინც წლების განმავლობაში იყო თავისთვის და მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ მისი კომფორტის ზონა შეექმნა, თავი არაფრისთვის აუტკივებია... ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს. ყველამ იცოდეს, რომ ვერ მოახერხებ მგლის არსში ცხვრის ფორმით გამოჩენას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ბრალდებას შეეხებოდა იმის თაობაზე, რომ ცალკეული ორგანიზაცია ბრიუსელიდან არალეგალურ და შავ ფულს იღებს იმისთვის, რომ საქართველოში არეულობის პროვოცირება მოახდინონ, არმაზ ახვლედიანი ბრიუსელის მხრიდან ქართული არასამთავრობო სექტორის დაფინანსების შესახებ ბრალდებებს, აბსურდულს უწოდებს.
„ეს ავადმყოფური ბოდვაა პაპუაშვილის და სხვების ბრიუსელიდან უკანონო დაფინანსებაზე, ეს არის მათი ბოდვა და სხვა არაფერი. ეს პროექტი „გრანტების შესახებ“, რომლის კანონად ქცევაც უნდათ, არის დამახასიათებელი სწორედ პუტინის რეჟიმის მსგავსი რეჟიმებისთვის. ეს ასეთი რეჟიმია, სწორედ ამას ადასტურებს და ასევე, იმდენი რამ აქვს კონკრეტულად დიდებული გაკეთებული, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში, მაგალითად საია-ს, რა თქმა უნდა, საია უნდა რომ მოახრჩოს რეჟიმმა, იმიტომ, რომ საია დიდებულად ახერხებს ცალკეული ადამიანების ადვოკატირებას, მაგრამ ასევე ქვეყნის და ქვეყნის ნორმალურობის. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაცია გულს ურევს ივანიშვილს, კობახიძეს და პაპუაშვილს, მათ საია ეზიზღებათ და არაერთი სხვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მხილებული კორუფციული სქემები, თავადვე დაადასტურეს. [არასამთავრობო სექტორიდან] ცალკეულმა ადამიანებმა დაუშვეს შეცდომები, რამაც გამოიწვია ამ სექტორისადმი ადამიანების, საზოგადოების გარკვეულწილად გულგრილი დამოკიდებულება. გამოიწვია ისიც, რომ შეიქმნა ცრუ მოლოდინები და დღეს ბევრი მათგანი ცდილობს ახლა პოლიტიკური ქოლგის ქვეშ იმოქმედოს, მე ამას კატეგორიულად ვემიჯნები. საზოგადოება არ მიიღებს ასეთ დღის წესრიგს“,- განაცხადა ახვლედიანმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ახვლედიანმა გადაცემაში ისაუბრა, ოპოზიციის გაერთიანება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებია. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიმართ ნდობა არის სრულად დაკარგული და „ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმს სულ სხვა ალტერნატივა სჭირდება“.
„რაც შეეხება გამოსავალს, ალტერნატივად, რომ კვლავ მოდიფიცირებული რომელიმე გუშინდელი თუ დღევანდელი ოპოზიციური ძალა აღმოჩნდეს, გამოვრიცხავ. ეს უნდა გავიაზროთ. ნდობა არის სრულად დაკარგული. ტყუილების გამო დაიკარგა ეს ნდობა. იმიტომ, რომ ვერცერთ ჯერზე ვერ გავიაზრეთ რა შეცდომას ვუშვებთ და რა არ უნდა გავიმეოროთ. არ შეიძლება სულ იყო თაღლითობის მდგომარეობაში. ამას თუ ვერ ვიაზრებთ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვაზიანებთ. ივანიშვილ- კობახიძის ამ არანორმალურ, ავადმყოფურ, ავტორიტარულ რუსულ რეჟიმს სჭირდება სულ სხვა ალტერნატივა. აქ საჭიროა რამდენიმე ისეთი ადამიანის გაერთიანება, ვისაც ექნება იმის უფლება, პრეტენზია, რომ არ მოისყიდოს, არაფრის გამო და ექნება სახელმწიფოებრივი ხედვა. ისიც ეცოდინება, რას ნიშნავს, რომ ძველ ტიკებში ახალი ღვინო არ ჩაისხმება“, - განაცხადა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განათლების რეფორმასა და იმ დებატებზე ისაუბრა, რომელიც ამ თემის ირგვლივ გაიმართა. მისივე შეფასებით, „ავტორიტარული მმართველობისთვის, რეჟიმისთვის, განათლებული ადამიანი არის უმთავრესი, დაუძინებელი მტერი“.
„გადასარჩენია საქართველო, იმიტომ, რომ მმართველობის მე-14 წელს, ივანიშვილის „ოცნებამ“ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ჩამოაყალიბა. ეს არის არსით ავტორიტარული მმართველობა. რა თქმა უნდა, ავტორიტარული მმართველობისთვის, ასეთი რეჟიმისთვის, განათლებული ადამიანი არის უმთავრესი, დაუძინებელი მტერი. განათლებული ადამიანი და საზოგადოდ, განათლება. რატომ გვიკვირს, რომ ასე გამალებით უტევენ განათლების სფეროს გაუნათლებლები. არ მაინტერესებს, რა დიპლომი აქვს ან სპიკერს, ან პრემიერს ან სხვას. დიპლომებით და თუნდაც, კონკრეტული საგნის ცოდნით განათლებულობაზე ვერ ვისაუბრებ. განათლებულობა არის წყვდიადიდან რომ თავის დაღწევა გინდა, ეს მდგომარეობა. ესენი თავად წყვდიადში არიან და მიაქანებენ საქართველოს დაჩქარებული ტემპით. ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს, რას უნდა უშველოს, იმას, ამას, რას? - ვერაფერს ვერ ვუშველით, თუ ვერ მოვახერხეთ და ვერ გავიაზრეთ რეალურად და მგონია, რომ ეს გააზრება ჯერ კიდევ არ არის არც ოპოზიციურ დღევანდელ სპექტრში და არც საზოგადოების მნიშვნელოვან აქტიურ ნაწილში, რასთან, ვისთან გვაქვს საქმე ივანიშვილ-კობახიძის სახით. რა მოცემულობაა, რა ანომალიაა. თუ ეს ზუსტად ვიცით, მაშინ ისიც ვიცით როგორ ვუმკურნალოთ თავს, რა ვუშველოთ საქართველოს და როგორ გადავარჩინოთ ამ მტარვალებისგან ჩვენი ქვეყანა.
რაც შეეხება დებატებს, ჩემი პატივისცემა მათ, ვინც იცავდა განათლებას გაუნათლებლებისგან. ყველას ინდივიდუალური არჩევანია მიიღებს თუ არა მონაწილეობას დებატებში, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ - როცა ჩემი მონაწილეობა არ მონაწილეობა შეიძლება არსებითად აზიანებდეს ქვეყნის გადარჩენის პროცესს, ამ მტარვალებისგან გამოხსნის პროცესს, მაშინ რა თქმა უნდა, დავფიქრდებოდი. არცერთი, თუნდაც ყველაზე მყარი არგუმენტი, ყველაზე უფრო დიდი ორატორული ნიჭიც კი, ყველაზე დიდი სიმართლე, ამ შემთხვევაში, არაფრის მომცემია იმ ფონზე, თუ გავიაზრებთ რისთვის სჭირდება ეს ვაიდებატები ამ „რუსულ ოცნებას“. ერთადერთი რამისთვის, რომ შექმნან სურათი მოძულებული დასავლეთის თვალში, რომ ისინი მზად არიან დებატებისთვის. ეს ისეთი დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს საერთო დიდი პროცესისთვის, რომ მერე არ ვიცი ვინ რა დოზით აგებს ამაზე პასუხს. თუ ავიღებთ პლიუს და მინუსს, დადებითს და უარყოფითს, ჩემთვის აშკარად უარყოფითი ჭარბობს და ზოგი, მათ შორის, ისეთი არსებითი უარყოფითა, რომ წინააღმდეგი ვარ რეჟიმის იმ წარმომადგენლებთან და იმ რეჟიმთან დებატებზე, რომელმაც ხანძარი გააჩინა ქვეყანაში. ეს არის ცეცხლმოდებული საქართველო, მისი პოლიტიკა, სოციალური სფერო, ყველაფერი ერთად. ამ დროს, მე მას ვესაუბრო აკადემიურად, დალაგებულად და თუნდაც არგუმენტებით იმაზე, რა ვუშველო ამ ან იმ სფეროს, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესია, მაშინ, როცა ამ ყველაფრის ძირი, გამომწვევი თავადაა, ის არის შემოქმედი ამ უბედურების, ამ კატასტროფის საქართველოსთვის, თან როდესაც ის ამას მზაკვრულად გამოიყენებს, რომ აჩვენოს პარტნიორებს და უთხრას მზად ვარ ე.წ. პრემიერი დებატებისთვის, ეს ძალიან ცუდი შედეგის მომტანი არის და იქნება. ამიტომაც ვარ ამ დებატების წინააღმდეგი და არა იმიტომ, რომ არ ვთქვათ სიმართლე. თან რატომ „იმედზე“ და რატომ არა აქ, ან „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“?! ჩვენ ჩვენი გულგრილობით, არათანმიმდევრულობით ჩავაბარეთ კრემლს და პუტინს საქართველო“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის საჭიროების შესახებ დაანონსებულ დებატს და ზოგადად, ამ თემაზე დებატების საჭიროებას ქვეყნისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დებატი როგორც განათლების რეფორმაზე, ასევე ამ თემაზეც გაუმართლებელია.
„2016 წელს მე საჯაროდ ვაცხადებდი, რომ ეს რეჟიმი, ეს ვაიოცნება საქართველოს ჩამოაშორებდა დასავლურ ორბიტას. შესაბამისად, ალტერნატივა ერთია ამ დროს, ეს არის კრემლი და პუტინი. რაც შეეხება დებატებს, მიმაჩნია, რომ როგორც იმ თემებზე, ამ თემაზეც გაუმართლებელია. ამათი ამოცანა არის ერთადერთი, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი არის ევროატლანტიკურ სივრცეში და საერთოდ შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ივანიშვილ-კობახიძის მიერ არის ფეხქვეშ გათელილი. აღვირახსნილი უკანონობა და უსამართლობაა საქართველოში და რა დებატებზეა საუბარი, ვისთან დებატებზე? იმასთან, ვინც ამ ცეცხლს ყოველ ჯერზე უნთებს მთელს ქვეყანას, ანგრევს სახელმწიფოებრიობას და მე ცალკეულ საკითხებზე ვისაუბრო?! დებატების მიღმა საზოგადოების იმ ნაწილს სჭირდება გამოფხიზლება, ვინც დიდი სიმამაცით ებრძვის რეჟიმს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ბრძოლის ფორმა, მეთოდი შესაცვლელია. ასე არაფერი გამოგვივა. არავის, არაფერი გამოგვივა, არც ინდივიდუალურად და არც ერთად.
ფაქტობრივად, 78-ე მუხლი გაუქმებულია, ახალ მის იურიდიულად გაუქმებაზეა საუბარი. ჩანაწერი აღიზიანებთ, რომ სათქმელი აღარ დაგვრჩეს. ეს ის პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელმაც მოახერხა და ყველა ტრადიციული, დიდი პარტნიორი და საქართველოს მეგობარი, ქვეყანას მტრად უქცია, მტრად გამოაცხადა. ამათი ამოცანაა ერთადერთი, დასავლეთმა დაგვივიწყოს, ჩავეხსნათ მათ. ამ ე.წ მოდელირებული დებატების მეშვეობით თქვან, რომ ეს არის ჩვენი რეალობა, ჩვენ ვახერხებთ საზოგადოების კრიტიკულ ნაწილთან ურთიერთობას, თუნდაც ამ ფორმით. არ მოვტყუვდეთ და არ წამოვეგოთ ამ საცდურს, ამ ხაფანგში არ გავეხვიოთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.