დავით მათიკაშვილი საია-ს სარჩელზე - სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ბუმბული გამოუვიდა, ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი იარაღის საკითხი დღის წესრიგში აღარაა

სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ტანზე ბუმბული გამოუვიდა, ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - თემა, ასე ვთქვათ, ჩამოალაბორანტეს და დაიყვანეს წყლის ჭავლში რაღაც სხვა ნივთიერებების გამოყენების შინაარსით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საია-ს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევაზე საუბარს არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან მოწამლული არავინაა.

„როგორც ვხვდები, „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საია-ს სარჩელში აღარ მოიაზრება. აღარ ამბობენ, რომ „კამიტი" იყო გამოყენებული. რა შეგვიძლია რომ ამაზე ვთქვათ?! სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ტანზე ბუმბული გამოუვიდა, ასევე, ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. თემა, ასე ვთქვათ, ჩამოალაბორანტეს. დაიყვანეს წყლის ჭავლში რაღაც სხვა ნივთიერებების გამოყენების შინაარსით.

BBC-იმ და ადგილობრივმა რადიკალებმა საზოგადოების მოტყუება ამ ამაზრზენი ტყუილით სცადეს. ჯერ ამაზე აქვთ მაგათ გასაცემი პასუხი. BBC-ის შემთხვევაში იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ, დავა ბოლომდე მივიყვანოთ. რაც შეეხება საია-ს - როგორც ეტყობა, ტაქტიკა შეცვალეს. ჩვეულებრივად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უცხოური ინტერესით მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. საუბრობენ მოწამვლაზე და ერთი მოწამლული ადამიანის ფაქტი არ არის დაფიქსირებული იმ პერიოდში, ვინც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და კლინიკამ რა დიაგნოზი დაუდგინა მას. „კამიტზე“ და პირველ მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ იარაღზე უარი თქვეს და სახე ხომ უნდა შეენარჩუნებინათ, ამიტომ ახლა გადავიდენ ჩვეულებრივ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელსაც ასევე არანაირი საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ მოწამლული არავინაა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა.

მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!