რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, ევროპის მხრიდან საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში, რუსეთიც, შესაძლოა, ევროპის დროშის ქვეშ მცურავი გემებით დაინტერესდეს.
„რუსეთზე საზღვაო ბლოკადის დაწესების ნებისმიერი მცდელობა აბსოლუტურად უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ხოლო ევროკავშირის მიერ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცნების გამოყენება იურიდიული ფიქციაა. რუსეთის საზღვაო ბლოკადის შესაძლო მცდელობებზე პირველი რეაგირების სახით, მოსკოვი პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს გამოიყენებს“, - აღნიშნა პატრუშევმა.
მისი თქმით, თუ ბლოკადის მოხსნა სამართლებრივი გზით ვერ მოხერხდება, მას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაარღვევს და გაანადგურებს.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპული დროშების ქვეშ ბევრი გემი დაცურავს ზღვაში. ჩვენც შეიძლება დავინტერესდეთ, რა გადააქვთ მათ და სად“, - აღნიშნა პატრუშევმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 22 იანვარს საფრანგეთმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში დააკავა ნავთობმზიდი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტანკერი, სახელად „გრინჩი“, საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა და არსებობდა ეჭვი, რომ ის ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა. საფრანგეთის საზღვაო ძალები, მოკავშირეების დახმარებით, ესპანეთსა და მაროკოს შორის მცურავ გემზე ავიდნენ. საფრანგეთის საზღვაო უწყების წარმომადგენელთა თქმით, გემის ჩხრეკამ „დაადასტურა ეჭვები დროშის კანონიერებასთან დაკავშირებით“. ტანკერის დაკავებიდან სამი დღის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოკავშირეებთან ერთად მუშაობს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დაკავების გეგმებზე და სურს, რომ მათ მიერ გადაზიდული ნავთობი უკრაინის საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენოს.