კონკრეტულად დაზიანება ვინ მომაყენა არ ვიცი, არ დამინახავს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაშავებულმა პოლიციელმა, დავით დავითელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ის ათონელის სასახლის ეზოში გავიდა, სასახლის ღობე გადმონგრეული იყო.
„4 ოქტომბერს ვიყავი პრეზიდენტის სასახლეში. როდესაც აქციის მონაწილეები სასახლესთან მოვიდნენ, შემდეგ გავედი სასახლის ეზოს წინა მხარეს. ჩემი გასვლის მომენტში სასახლის ღობე გადმონგრეული იყო. გდდ-ს თანამშრომლები იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს.
მე და ჩემი თანამშრომლები [საპატრულო პოლიციის თანამშრომლები] გდდ-ს თანამშრომლების უკან ვიდექით, სასახლის კედელთან ახლოს. [აქციის მონაწილეები] გვაგინებდნენ და სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ამ დროს მარჯვენა ქვედა კიდურში ქვა მომხვდა და წავიქეცი. შემდეგ კი სასახლეში შევედი.
შემდეგ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელიც შემოვიდა, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებოდათ. რაღაც პერიოდის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაგვიყვანა.
კონკრეტულად დაზიანება ვინ მომაყენა არ ვიცი, არ დამინახავს",- განაცხადა დავით დავითელაშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.