გურამ მაჭარაშვილი - „გრანტების შესახებ“ და მისი თანმდევი კანონები თავიდან ბოლომდე ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას

მერწმუნეთ, სამი წელიც არ დასჭირდება და უფრო მალე იქნება ევროპის ქვეყნებში და არამხოლოდ, საქართველოდან წასული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მივიღეთ „გრანტების კანონი“ და მათ შორის, როგორ შევიტანეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „გრანტების კანონში” შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „გრანტების შესახებ” და მისი თანმდევი კანონები თავიდან ბოლომდე ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას”.

„როდესაც „ხალხის ძალამ” გამჭვირვალობის კანონი დავაინიცირეთ როგორც უცხოეთიდან, ისე მათი აგენტებიდან ატყდა კრიტიკა და ბულინგი, თითქოს ეს რუსული კანონი იყო. რამდენიმე დღის წინ კი თავად ევროსაბჭოდან მოვიდა თხოვნა კონსულტაციებზე თუ როგორ მივიღეთ გამჭვირვალობის და „ფარას” კანონი. თვითონაც მოინდომეს ევროსაბჭოს ქვეყნებმა, რომ უცხოური ძალებისგან დაეცვათ თავიანთი ქვეყანა. მერწმუნეთ, სამი წელიც არ დასჭირდება და უფრო მალე იქნება ევროპის ქვეყნებში და არამხოლოდ, საქართველოდან წასული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მივიღეთ „გრანტების კანონი” და მათ შორის, როგორ შევიტანეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოურმა ძალებმა არ მოახდინონ როგორც შავი ფულის შემოდინება საქართველოში რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად, ასევე აქ ექსტრემალური პროცესების მისახმარებლად. ეს ხდებოდა როგორც ზოგიერთი ელჩებისგან, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თანამდებობის პირებისგან. „გრანტების შესახებ” და მისი თანმდევი კანონები თავიდან ბოლომდე ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს კანონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ „ზურაბიშვილი იქნება თუ მაჭარაშვილი, თუ კანონს დაარღვევს, ის პასუხს აგებს”.

„ზურაბიშვილი იქნება თუ მაჭარაშვილი, თუ კანონს დაარღვევს, ის პასუხს აგებს - ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, ინდულგენციით და ყოფილი თუ არსებული თანამდებობით არავინ სარგებლობს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით "გრანტის" ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.კანონით იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება დგინდება, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება“ განმარტავს, მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა