საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების მცირე ნაწილის მფარველობას, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
„2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური „ქოლცენტრი“. მოწმეთა ჩვენებებით, „ქოლცენტრების“ დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო „ქოლცენტრების“ შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.
მოცემულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური „ქოლცენტრები“, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. „ქოლცენტრების“ ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.
ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, „ქოლცენტრის“ უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. „დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.