ირაკლი კობახიძე - გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა

დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად, თუმცა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, ეს მაჩვენებელი დაზუსტდება, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები შევა საერთო სურათში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს შესაბამისი მონაცემთა ბაზები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო.

„ეს იყო ცვლილებები კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, გამკაცრდა საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები და გამკაცრების საშუალებაც მოგვცა შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4-ათასიან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გაძევებული არალეგალი მიგრანტების მოქალაქეობის სტატისტიკაზე.

„გაძევებულ პირთა 20,5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12,9% - თურქეთის მოქალაქეები, 12% - ირანის მოქალაქეები, 7,5% - ჩინეთის მოქალაქეები, 5,6% - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონით, გამკაცრდა საქართველოში უცხოელების დასაქმების პირობები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერების კუთხით.

„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, დავათვალიერეთ მიგრაციის დეპარტამენტის სრულიად ახლად აშენებული შენობა, გვაქვს ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლითაც არის მიგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფილი და ასევე მინდა, მოგახსენოთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა, სულ 9 თანამშრომელი იყო დაკავებული მიგრაციის საკითხებით, გასაგებია, რომ ასეთ პირობებში რთული იყო შედეგების მიღწევა. რამდენჯერმე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც მოგვცემს უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის შესაძლებლობას. ასევე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მზადდება მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები,“- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, მიმდინარე წელს, მთავრობის გეგმის მიხედვით, დაახლოებით 4 ათასი უკანონო მიგრანტის გაძევება უნდა მოხდეს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია, მთლიანად აღმოვფხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის უფრო ეფექტიანი სტრატეგია, ვიდრე ის, რაც იყო ასახული 2020 წელს დამტკიცებულ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ პროცესების ფონზე, რომელიც ვითარდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ბუნებრივია, ყველას აქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, როგორ იზრდება მიგრანტების წილი მოსახლეობაში ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც, ბუნებრივია, გაგრძელდება. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამ სპეკულაციებისთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოტივირებულია პოლიტიკური ინტერესებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!