პრემიერი - შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი

შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გენდერული სტატისტიკის მიხედვით, 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი.

„რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში. შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი. გენდერულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ - 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი. მათგან, დაახლოებით 25% არის რუსეთის მოქალაქე, დაახლოებით 13.3% არის ინდოეთის მოქალაქე, თურქეთის - 5 600 პირი, ბელარუსი - 4 930. სლავური ქვეყნების წარმომადგენლები ძირითადად არიან დასაქმებული IT სექტორში უმეტესად. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, ისინი უმეტესად არიან დასაქმებული მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თურქმენეთი - არის 4 000-ზე მეტი ასეთი პირი, ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის სფეროში არიან დასაქმებული, აზერბაიჯანი - 3 000-მდე პირია, უკრაინა - 2 849. უკრაინელები ძირითადად არიან IT სფეროში, თუმცა ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული. ჩინეთი - 2 000-მდე პირია, ყაზახეთი - 1 891, ირანი - 1 277 პირი.

რაც შეეხება დასაქმების სექტორებს, საერთო სტატისტიკას - IT სფეროში არის დასაქმებული უცხოელი შრომითი მიგრანტების 32%, მშენებლობის სექტორში - 3.6%, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მომარაგება, გაქირავება -7.9%, გართობა, დასვენება, სათამაშო ბიზნესი - 6.6%, ბიზნესის ადმინისტრირება - 6.2%, სტუმარ-მასპინძლობა - 5.8%, დაუმუშავებელი მრეწველობა - 4.6%, აქაც არის ქარხნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში ქართველი მუშახელის მოძიება, შესაბამისად, შესაბამის საწარმოებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა საქართველოში. განათლების სფეროში დასაქმებულია უცხოელების 2.1%, სპორტი - 2.1%“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6%.

„რაც შეეხება ნებართვის მეორე კატეგორიას, ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში 28 363 უცხოელი მოქალაქე. ეს არის 26,4% მთლიანად ბინადრობის ნებართვებში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ესენი არიან უცხოელები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. საუბარია არსებითად იმ უცხოელებზე, რომლებსაც ოჯახური კავშირები აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.

შემდეგ არის შრომითი ბინადრობის ნებართვა. 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით. წილი არის 14,6%. როგორც უკვე ითქვა, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. როდესაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ატარებს ხოლმე საკუთარი კვლევების პრეზენტაციას, ისინი ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების სამეულში ასახელებენ სამუშაო ძალის დეფიციტს და მეორე არის მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ყველაფერი კარგად ჩანს საერთო სურათიდან, რომელიც შექმნილია შრომის ბაზარზე და ეს ყველაფერი განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში. რომ არა უცხოელების ყოფნა საქართველოში, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. არის სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად, ეს ეხება მშენებლობის სფეროს, თუმცა, არა მარტო. სტუმარ-მასპინძლობის სფეროშია სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, შრომითი მიგრაციის კუთხით ჩვენს ქვეყანაში საჭიროება არსებობს. მუდმივი ბინადრობის ნებართვა მინიჭებული აქვს 10 726 პირს, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 5658 უცხოელს“, - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!