4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში ვიმყოფებოდი. 19:00 საათისთვის ჟურნალისტები მოვიდნენ, მათ მოყვნენ აქციის მონაწილეები - პირდაპირ დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ღობის რყევა, მალევე შემოიჭრნენ. მანამდე იქნევდნენ ფეხებსა და ხელებს, - ამის შესახებ ბრალდების მხარის მოწმემ, განსაკუთრებული ობიექტების დაცვის თანამშრომელმა, გიორგი წეველიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც მოწმემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ისროდნენ „ქვებს, გარეთ მომძვრალ რკინის ბოძს, ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ“.
„ჩემს უფლებამოსილებაში სასახლის დაცვა შედის. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში ვიმყოფებოდი. 19:00 საათისთვის ჟურნალისტები მოვიდნენ მოყვნენ აქციის მონაწილეები. პირდაპირ დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ღობის რყევა, მალევე შემოიჭრნენ. მანამდე იქნევდნენ ფეხებსა და ხელებს. ვიდეოკადრებით, გამოძიებით დადგენილი პირები იყვნენ შავ სამოსში და საქართველოს დროშებით. ბექა მაჭავარიანი ფეხებსა და ხელებს ურტყამდა თანამშრომელს, გიორგი თათარაშვილს. რამდენჯერმე რომ დაარტყა, უკან გადავარდა, შემდეგ კიდევ შემოვიდნენ.
ასევე, ერთ-ერთს უმკლავო ჟილეტი ეცვა და ჭრელი ზედა, რომელიც ასევე, ფიზიკურად ძალადობდა და იქნევდა ხელებსა და ფეხებს, დაუპირისპირდა ჩვენს თანამშრომელს. მათ მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. მესამე პირიც მალევე შემოჰყვა, ნიღაბი ეკეთა და ჩაფხუტი. ის მე მომვარდა. აირწინაღი ეჭირა, რომელიც მომხვდა ბეჭებში და ტკივილი განვიცადე. ვფიქრობ, აირწინაღის ფილტრი რკინის იყო. წუთი არ იქნებოდა გასული, რომ შსს დაგვეხმარა, კონკრეტულად გდდ. მათ მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება რის მერეც, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.
შემდეგ სხვა მონაწილეები მოვიდნენ, მათ შორის ცნობადი სახეები, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე. მათი მოწოდებების შემდეგ კვლავ მოხდა შემოჭრა, ამბობდნენ, რომ „სასახლე ჩვენია“, „ჩაგვაბარეთ სასახლის გასაღები“, „უკან არ დავიხევთ“. თვითონაც შემოვიდნენ ეზოში. შემდეგ შსს-ს სხვა ქვედანაყოფები დაემატა. პარალელურად, გვესროდნენ ქვებს, გარეთ მომძვრალ რკინის ბოძს, რაც ხელში მოხვდათ ყველაფერს, რაც დამამახსოვრდა. გარეთ მყოფებიც ისროდნენ. თანამშრომლები დაზიანდნენ. შემდგომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები კართან დავდექით, წინ იყო გდდ. ეტაპობრივად მოხდა ძალების დამატება. ბოლოს წყლის ჭავლით მოხდა მომიტინგეების უკან დახევა“,- განაცხადა მოწმემ.
მისი თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, ფიზიკური პასუხი კი, „სანამ იძულებული არ გახდნენ, არ დაუბრუნებიათ“.
„მე პირადად არავისთვის გამირტყამს ზუსტად მახსოვს. დანარჩენი ფეხს იქნევდა თუ ხელს, კონკრეტულად არ მახსოვს“, - აღნიშნა მოწმემ.
პროკურორის, როინ ხინთიბიძის კითხვის შესაბამისად, მოწმემ აღნიშნა, რომ „აქციის მონაწილეები ეზოში შემოვიდნენ, თითქმის კარამდე მოვიდნენ, მაგრამ შიგნით [შენობაში] არ შემოსულან“.
მოწმეს კითხვები დაუსვეს ადვოკატებმაც. ადვოკატის, გურანდა ქურდოვანიძის კითხვის შესაბამისად, წეველიძემ აღნიშნა, რომ დაცვის თანამშრომლებს 4 ოქტომბერს რაიმე განსაკუთრებული დავალება არ ჰქონიათ.
მისივე ცნობით, 4 ოქტომბერს ინფორმაცია, რომ დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლესთან რაიმე დაძაბულობას შეიძლება ჰქონოდა ადგილი, მას არ ჰქონია, თუმცა აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, შენობაში განლაგდნენ, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ისე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
„4 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლის შენობაში საპატრულო პოლიცია შემოვიდა, ხოლო 15:00 საათისთვის - გდდ-ს თანამშრომლები განლაგდნენ შენობაში, სავარაუდოდ, 50 კაცამდე. საპატრულოს თანამშრომლებიც, დაახლოებით, 50 იყვნენ. გდდ-ს თანამშრომლებს უშუალო ხელმძღვანელი ჰყავთ. სავარაუდოდ, ბრძანებას ელოდებოდნენ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა მოწმემ.
მისივე თქმით, „სასახლის ღობის რკინის კონსტრუქციით ჩაკეტვა მოხდა 19:00 საათამდე, როცა გაიგეს, რომ „აქციის მონაწილეები დაიძრნენ“.