ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები არ არის, თუმცა პაციენტები იმყოფებიან პირობებში, რომელიც შეიძლება დამამცირებლად შეფასდეს

ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის მხრიდან ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები არ მიღებულა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, კომიტეტის დელეგაციამ გასულ წელს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველად, თბილისის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი (თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო) მოინახულა და ასევე, ვიზიტები ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში (ხელვაჩაურის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო) განახორციელა.

„ასევე, მონახულებულ საავადმყოფოებში პაციენტებს შორის ძალადობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და პერსონალი ამ მხრივ ყურადღებას იჩენს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კომიტეტი ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩატარებულ რეკონსტრუქციას დადებითად აფასებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პირობები ძალიან ცუდია.

„პაციენტების უმეტესობა ნახევრად დანგრეულ ოთახებში იმყოფებოდა, ისეთ პირობებში, რომლებიც შეიძლება დამამცირებლად შეფასდეს. საავადმყოფოში პაციენტების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, დელეგაცია წერს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული მკურნალობა უმეტესწილად კვლავ ფარმაკოთერაპიას ეფუძნება.

„სამივე დაწესებულება ძირითადად პირველი თაობის ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს ეყრდნობა, რომელთა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ხელისუფლებამ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკას უნდა გადახედოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, დელეგაციის მიერ მონახულებულ დაწესებულებებში პაციენტების რეაბილიტაციური აქტივობები საავადმყოფოების პერსონალის რაოდენობის სიმცირის გამო შეზღუდულია.

„რეაბილიტაციური აქტივობები უნდა განვითარდეს, რათა პაციენტები მოემზადონ უფრო ავტონომიური ცხოვრებისთვის ან ოჯახებში დაბრუნებისთვის. ასევე მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ექთნებისა და დამხმარე პერსონალის რაოდენობა“, - წერია დოკუმენტში.

კომიტეტი დადებითად აფასებს პაციენტების გარე სამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობას, კერძოდ ოჯახის წევრების დაწესებულებებში ვიზიტის მექანიზმებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!