პროკურორი - დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ სასტუმრო „თაუერის“ თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ გელა უძილაური ნახეს, რომელიც მათი ცნობით, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ სასტუმრო „თაუერის“ თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ გელა უძილაური ნახეს, რომელიც მათი ცნობით, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო - ის [უძილაური]15 მარტს მარტო მივიდა [სასტუმროში], - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ „15 თებერვალს ნახეს გიორგი ჯოხაძე, რომელიც მათთვის უცნობ პირებს შეხვდა“. მისივე თქმით, ჯოხაძე ჯერ დავით, შემდგომ კი, გიორგი მიქაძეს შეხვდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სასტუმრო „თაუერის“ თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს მათთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ გელა უძილაური ნახეს, რომელიც მათი ცნობით, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო. ის მარტო მივიდა 15 მარტს. მათ ასევე, დაადასტურეს, რომ 15 თებერვალს ნახეს და ამოიცნეს გიორგი ჯოხაძე, რომელიც შეხვდა მათთვის უცნობ პირებს. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ჯერ შეხვდა დავით მიქაძეს და შემდგომ გიორგი მიქაძეს. აქვე დავძენ, რომ ბრალდების მხარე პროცესიდან პროცესზე, გაკვირვებას გამოხატავს დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, დაცვის მხარე რას აპელირებს ზუსტად ვერ ხვდება ბრალდების მხარე. ერთი მხრივ, უარყოფენ დავით მიქაძის სასტუმროში მისვლას, მაშინ როდესაც დავით მიქაძემ ინტერვიუ მისცა იმის თაობაზე, რომ პირად საქმეზე ვიმყოფებოდიო. მეორე მხრივ, სვამენ შეკითხვას, რომ თითქოს, გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე ერთმანეთს არ იცნობენ. ეს მაშინ, როდესაც თვითონვე აპელირებენ, რომ დავით მიქაძემ იმიტომ ჩაურიცხა უძილაურს გიორგი ჯოხაძისთვის გადასაცემად ფული, რომ ჯოხაძეს ანგარიში არ ჰქონდაო. გრძელდება ბრალდების მხარის გაკვირვება. მესმის, რომ მათ სასაუბრო არაფერი არ აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და სვამენ იმგვარ შეკითხვებს, რომლებიც რეალობას საერთოდ აცდენილია.

ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს გამოვიკვლიეთ გიორგი კაჭკაჭიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. შემდეგ პროცესზეც ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ასევე შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!