ადვოკატი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე - გიორგი მიქაძე გამოკითხული არ არის - ახალი ბრალდების დადგენილებას ვუკავშირებთ იმას, როგორ მიდის ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესები - ახალი ბრალი მაშველად წამოეწია ბრალდების მხარეს

გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ბრალდების დადგენილებას პირდაპირ ვუკავშირებთ იმას, თუ როგორ მიდის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების [სასამართლო] პროცესები - ახალი ბრალდება გზაში მაშველად წამოიწია ბრალდების მხარისთვის, - ამის შესახებ ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურის მიერ 10 პირის, მათ შორის, გიორგი მიქაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

ადვოკატის თქმით, მიქაძე ახალი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული არ არის.

„[გიორგი მიქაძე] გამოკითხული არ არის. ზოგადად, ბრალდების შესაძლო წაყენების შესახებ ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობისას გახდა ჩვენთვის ცნობილი. ასევე, ამ სისხლის სამართლის საქმეზე თავად ბრალდებულისთვისაც. ერთადერთი, რაც გადაჭრით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ახალი ბრალდების დადგენილებას პირდაპირ ვუკავშირებთ იმას თუ როგორ მიდის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების [სასამართლო] პროცესები. უკვე ბოლო რამდენიმე პროცესია ბრალდების მხარეს პირდაპირ ვთხოვთ წარმოადგინოს მტკიცებულება, რა შეიძლება ჰქონდეთ გიორგი მიქაძის წინააღმდეგ, რაც ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ. აქედან, გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ბრალდება გზაში მაშველად წამოიწია ბრალდების მხარისთვის, თუმცა ვნახოთ“,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

რაც შეეხება, ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მიერ საქმეში ჩადებული მტკიცებულებების 32 ტომის ანალიზით „გარკვეული შეუსაბამობები ირკვევა“.

„დაცვის მხარისთვის გადმოცემულია მტკიცებულებების 32-ვე ტომი, რაც ბრალდების მხარეს საქმეში აქვს წარმოდგენილი. ამ მასალების ანალიზით გარკვეული შეუსაბამობები ირკვევა, რაც დღეს სასამართლოში დაკითხვისას გვითხრა გამომძიებელმა. შესაბამისად, ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები: დავით და გიორგი მიქაძეები, ზოგადად, სასტუმრო „თაუერთან“ შესაძლო შემხებლობაში საქმეში გამოჩნდნენ 2025 წლის 5 და 9 აგვისტოს დაწერილი პატაკებით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ 2 ივლისს გამომძიებელს კითხვა ჰქონდა მოწმეებთან კონკრეტულად, სასტუმრო „თაუვერის“ თანამშრომლებთან, იცნობდნენ თუ არა ისინი დავით და გიორგი მიქაძეებს. ჩემი კითხვა ეხებოდა იმას, თავად გამომძიებელი რატომ იყო ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისის თვის დასაწყისში დაინტერესებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების პიროვნებით. წესით, გამოძიებას „თაუერთან“ მათი შესაძლო შემხებლობის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჯერ არ ჰქონდა. [ეს რაზე მიანიშნებს] მე ვერ გეტყვით“,- განაცხადა ადვოკატმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!