რეგიონული განვითარების მინისტრი - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში უნდა იყოს დაცული სტანდარტი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, სერვისები და განათლება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა გასული წლის აპრილში და აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს. სხვადასხვა უწყებიდან შეკრებილმა გუნდმა თავისი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და მაღალი პასუხისმგებლობით, ერთად შევძელით, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ჩამოგვეყალიბებინა ახალი სტრუქტურა. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა. თანასწორობას რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონები უნდა იყოს ერთნაირად განვითარებული, ვგულისხმობთ იმას, რომ რეგიონებში უნდა იყოს დაცული სტანდარტი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, სერვისები, განათლება და სხვ. დღეს მზად ვარ, დეტალურად განვიხილო ყველა ის გამოწვევა და მიღწევა, რაც ამ მოკლედ დროში შევძელით და გულწრფელად და პირდაპირ ვუპასუხო თქვენს კითხვებს, რადგან მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი“, - განაცხადა კახა გულედანმა.

ამასთან, გულედანის განცხადებით, სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი და ამოცანა იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების შემოსავლები.

მისი განმარტებით, მხოლოდ დღგ-ს განაწილების პრინციპით, 2025 წელს 2 მლრდ ლარზე მეტი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლების შესაბამის მაჩვენებელს.

„საჭიროა, რომ ეს რესურსები მიმართული იყოს ისეთ პროექტებზე, რომლებიც არის ეფექტური და ხარჯთეფექტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს სამინისტროს დაევალა, რომ მუნიციპალიტეტებმა ტენდერის გამოცხადებამდე მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ, რა პირობით აცხადებენ ტენდერებს და ჩვენ მათ გავუწიოთ მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და ვნახოთ, რამდენად მოქმედ კანონმდებლობასთან არის შესაბამისობაში მათ მიერ გამოცხადებული ტენდერები. მხოლოდ გასულ წელს, ამ კუთხით ჩვენ გავიარეთ 5 000-ზე მეტი სატენდერო დოკუმენტაცია და ამ კუთხით, ტენდერის გამოცხადებამდე დაიზოგა 13 მილიონ ლარზე მეტი. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მეთოდოლოგიური მხარდაჭერის იქით, მუნიციპალიტეტებთან სხვა პროცედურებში არ შევდივართ. როგორც კი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან, აქ უკვე იწყება მუნიციპალიტეტის პოზიციონირება და ისინი აცხადებენ ტენდერებს, შემდეგ აფორმებენ ტენდერებს და ა.შ.“, - განაცხადა კახა გულედანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!