„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მხარეთა შორის შეთანხმება „ყველა აუცილებელ საკითხს მოიცავს, რაც საჭიროა“.
საპროცესო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, კერძოდ, რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ადვოკატმა უპასუხა:
„ამ დეტალებში ვერ შევალ... რაც გაცხადდა ოფიციალურად, ამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია. იმის იქით, ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ ვგეგმავთ. შეთანხმება მოხდა ნამდვილად მხარეთა შორის. მათ შორის სამოქალაქო წესით“, - განაცხადა ადვოკატმა.
ზარალის ანაზღაურების ნაწილშიც არსებულ ვალდებულასთან დაკავშირებულ კითხვაზე ადვოკატმა თქვა, რომ დეტალებზე ახლა ვერ ისაუბრებს.
„დეტალებს ახლა ვერ მოგახსენებთ, ზოგადად [შეთანხმების] ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ“, - დასძინა მან.
ასევე, ადვოკატმა უპასუხა კითხვას, საპროცესო შეთანხმება მოიცავს თუ არა ზარალის ანაზღაურებასაც, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
„ყველა აუცილებელ საკითხს მოიცავს, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება. ყველაფერს მოიცავს, რაც საჭიროა, კი, ცხადია“, - განაცხადა ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.