ბესიკ დონაძე - ბაჩიაშვილმა ფული მიუტანა ბიძინა ივანიშვილს, ეტყობა დაბადების დღის საჩუქარი იყო, მან საკუთარი თავი იყიდა - როცა უსაფრთხოდ იქნება, აუცილებლად უნდა ილაპარაკოს

ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ ფული მოიპარა, ფული უკვე ბიძინასთანაა, ეტყობა დაბადების დღის საჩუქარი იყო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

ბესიკ დონაძის თქმით, ბაჩიაშვილმა ციხეს თავი ფულის მიტანით დააღწია და ფაქტობრივად, „თავისი თავი იყიდა“.

მისივე განცხადებით, როდესაც ბაჩიაშვილი უსაფრთხოდ იქნება, აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქმის დეტალები.

„პროკურატურამ ქმედებით გამოხატა ის, რაც მოხდა. სხვა შემთხვევაში, ბაჩიაშვილს კანონის ფარგლებში ვერ გაათავისუფლებდი, თუ ის არ აღიარებდა, არ ითანამშრომლებდა, ზარალს არ აანაზღაურებდა და მომჩივან მხარეს აღარ ექნებოდა აღარანაირი პრეტენზია. ბიძინა ივანიშვილმა დაწერა, რომ ფული მომიტანეს უკვე. ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ ფული მოიპარა, ფული უკვე ბიძინასთანაა, ეტყობა დაბადების დღის საჩუქარი იყო, შესაბამისად, ბაჩიაშვილი გათავისუფლდა. აქ მარტივადაა საქმე. ბაჩიაშვილმა ფული მიუტანა ბიძინა ივანიშვილს და თავი დააღწია [ციხეს]. თავისი თავი იყიდა.

როდესაც ბაჩიაშვილი იქნება უსაფრთხოდ, მან აუცილებლად უნდა ილაპარაკოს. გააკეთოს განმარტება, როგორ მოხდა და რანაირად მოხდა. კარგია, რომ თავი დააღწია ბიძინა ივანიშვილის სატუსაღოს, მაგრამ საჭიროა, რომ რაღაც-რაღაცებს ნათელი მოჰფინოს. საბოლოო ჯამში, სქემა უნდა მოჰყვეს, როგორ იყო ბიტკოინების ამბავი. გამოსაძიებელიც კიდევ ბევრია და გასარკვევიც, ოღონდ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ფიზიკურად ვერ მოხდება“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა