ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026

“თუ კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს” - შეეხება თუ არა ზურაბიშვილს “გრანტების კანონი”

უცხოელები საქართველოში - როგორ იცვლება მიგრაციული ტენდენციები

როგორ მუშაობენ ქოლ-ცენტრები - უხილავი თაღლითობის გლობალური ქსელი

* * *

“თუ კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს” - შეეხება თუ არა ზურაბიშვილს “გრანტების კანონი”

“საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ “გრანტების კანონს” ვინც დარღვევს, ყველა პასუხს აგებს. მათ შორის არ გამორიცხავენ მეხუთე პრეზიდენტზე განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დევნა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის დაჭერა ნაკლებად მოსალოდნელია, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ეს სცენარი ერთ დღეს მართლაც ვიხილოთ. “გრანტების შესახებ” და მისი თანმდევი კანონები თავიდან ბოლომდე ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას”, - განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს კანონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ “ზურაბიშვილი იქნება თუ მაჭარაშვილი, თუ კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს, ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, ინდულგენციით და ყოფილი თუ არსებული თანამდებობით არავინ სარგებლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს” - შეეხება თუ არა ზურაბიშვილს “გრანტების კანონი”.

პარლამენტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და კენჭი უყარა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ თქვა, ამ დროს პატიმრობის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ზურაბიშვილის დაკავებას ნაკლებად ელოდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიზნით დააკავონ არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი შირისძიების მიზნით დააკავონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მაგრამ პიროვნულად რომ ავიღოთ, სალომე ზურაბიშვილი გინდ ყოფილა და გინდ არა, რატომ უნდა დაიჭირონ? თუმცაღა, მას შეიძლება დაჭერა უფრო მეტად აწყობდეს ახლა, თუ რაიმე პოლიტიკური ხედვები აქვს. ზურაბიშვილი გინდ გარეთ ყოფილა, გინდ შიგნით, მის დაპატიმრებას ნაკლებად ველოდები, თავად მას დაკავება აწყობს. იმიტომ, რომ მან ის ყველა დავალება ჩააფლავა, რომელიც გარედან ჰქონდა. ამაში ძალიან ბევრი ფული აქვს დახარჯული და ეს ყოველივე ხომ უნდა გააპრავოს? თორემ ერთი ციხეში ყოფნით ნიკა გვარამია გახდა გმირი და მეორე გახდება ზურაბიშვილი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“არაა გამორიცხული, ეს შეიძლევა ივანიშვილის პირადი შურისძიება იყოს, რადგან ინიციატივა იყო, რომ ზურაბიშვილი თავის დროზე ივანიშვილის მიერ დე ფაქტოდ მხარდაჭერილი ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო. შემდგომში კი ზურაბიშვილი ივანიშვილის ოპოზიციაში გადავიდა და როგორც საუბრობენ იმას, რომ თითქოს ღარიაბშივილის დაკავება პირადი შურისძიება იყო, რადგან ღარიბაშვილმა ივანიშვილი ერთ-ერთ სუფრაზე ცუდად მოიხსენია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ახლაც არაა გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პირად შურისძიებას ჰქონდეს ადგილი. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობაც უფრო მეტად გვაფიქრებინებს იმას, რომ თუ მმართველ პარტიას ზურაბიშვილის დაკავება აქვს ჩაფიქრებული, ამას განახორციელებს კიდეც... აქციაზე ისევე არბევდნენ ქალებს და ფიზიკურ ძალას ისევე იყენებდნენ, როგორც კაცებზე, მათ შორის არ ერიოდებიან არავის, არც ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს, ამით თავიანთი რეალური სახე წარმოაჩინეს. არ გამოვრიცხავ ერთ დღესაც სალომე ზურაბიშვილის დაკავების კადრები ვიხილოთ, იმედია არ მოხდება, მისი დაკავება საქართველოსთვის ცუდია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

უცხოელები საქართველოში - როგორ იცვლება მიგრაციული ტენდენციები

“საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა 257 ათასს აღწევდეს, ამაზე ყურადღება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმა კობახიძემ გაამახვილა - მათ შორის არალეგალურად მყოფი პირების. საქსტატი ივნისში დაზუსტებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, ექსპერტები კი უკვე მიგრაციის ტენდენციებზე საუბრობენ. ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ვიდრე გადის, საქართველოს მოქალაქეებში კი ეს ტენდენცია საპირისპიროა. “ჯერ, რადგანაც ბოლო მონაცემები არ გამოქვეყნებულა, დასკვნების გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით საქართველოს აქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, ქვეყანაში შემოდის უფრო ნაკლები ვიდრე ქვეყნიდან გადის, თანაც ბოლო წლების საშუალო დინამიკა ისეთია, რომ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქე უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოდის უფრო მეტნი, ვიდრე გადიან, ანუ მოქალაქეობის ნიშნის მიხედვით საქართველოში მოსახლეობაში ქვეყნის მოქალაქეთა წილი, - ხაზს ვუსვამ მოქალაქეს და არა ეთნიკურ კუთვნილებას, - მცირდება”, - თვლის არჩვაძე, რომლის თქმით “ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული ზომების მირება საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უცხოელები საქართველოში - როგორ იცვლება მიგრაციული ტენდენციები.

“რა განაპირობებს ამ სხვა ქვეყნების მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციას, ამაზე ძველი ანდაზით გიპასუხებთ “თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო”. მაგალითად, 2012 წელს საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა იყო საშუალო გლობალური მაჩვენებლის მხოლოდ 70%, ახლა უკვე 25%-ით გადაცდა, საშუალო მაჩვენებელს, ანუ თუ ადრე ჩამოვრჩებოდით, ახლა ვუსწრებთ, ამიტომაც, ადამიანის ბუნება მიისწრაფვის იქ, სადაც უფრო მაღალი შემოსავალია. ჩვენ მაგალითზე, რატომ მიდიან ჩვენი ქვეყნიდან აშშ-ში ან გერმანიაში და რატომ არ მიდიან პირობითად, სამხრეთ სუდანში ან ეთიოპიაში? გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეკონომიკური განვითარების დონე მაღალია. გამოსავალი, მიგრაციასთან ინტენსიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების აპრობირებული მეთოდების გამოყენებაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“უკონტროლო მიგრაციას რომ წერტილი დაესვას, იმ პირების რაოდენობა, რომლებიც არ იმსახურებენ ან კანონდარღვევით იმყოფებიან საქართველოში, უნდა შეიზღუდოს და კანონის დაცვით უნდა მოხდეს მათი საქართველოდან გაშვება - ეს ერთი. მეორე, - წმინდა ეკონომიკური მეთოდებით ჩვენ უფრო პრესტიჟულს გავხდით საქართველოში შრომით საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისათვის და ექნებათ პრეფერენციები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით დასაქმების თუ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისათვის. ეს რამე ახალი გამოგონება არ არის - ევროკავშირი და სხვა განათლებული ქვეყნები ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობენ. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, ანუ ჩვენ ვახდენთ ორიენტაციას, რომ იტყვიან, იმ ცივილურ ფორმებზე, რაც უკვე აპრიბირებულია მიგრაციასთან ინტენსიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნებისთვის”, - დაასკვნის არჩვაძე.

“2024 წლს იმიგრანთა რაოდენობა 135 811-ს უტოლდებადა, 2025 წელს კი, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. აქ არალეგალი მიგრანტები შედიან, “საქსტატის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 914 000 ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია... ეს მონაცემები დაზუსტებული არ არის და დაზუსტებული მონაცემები 25 ივნისს გამოქვეყნდება. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება. საქართველოში მიგრაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. პირველი არის ის, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ასეთ პირობებში მიგრაციული პროცესების მართვა რთულია. უცხოელებისთვის ასევე გახსნილია განათლების სისტემა და დღეს საქართველოში 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ბევრი მიმართულებით სამუშაო ძალის დეფიციტია და რომ არა უცხოელი მუშახელი არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, რადგან ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული” - განმარტა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე. მისი აზრით, “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო”, - დასძენს გამოცემა.

როგორ მუშაობენ ქოლ-ცენტრები - უხილავი თაღლითობის გლობალური ქსელი

“ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გააქტიურდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების სქემა - ორგანიზებული ფინანსური დანაშაულის ფორმა, რომელიც მოქალაქეებს მილიონობით ზარალს აყენებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში ქოლ-ცენტრებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა რა სქემაზეა საუბარი, რიგითმა მოქალაქემ სიღრმისეულად არც იცის და შესაძლოა ამ ინფორმაციულმა ვაკუუმმა ნებისმიერი მათგანი მსხვერპლად აქციოს. სქემა დაახლოებით ასეთია: თაღლითები თავს ასაღებენ საფინანსო ორგანიზაციის, საგადასახადო სამსახურის, ან სხვა დაწესებულების თანამშრომლებად და მსხვერპლს სთავაზობენ “ინვესტიციას”. მიზანი კი ისაა, რომ მიიღონ საბანკო ბარათის მონაცემები, პირადი ინფორმაცია, სმს კოდები, ან პირდაპირი ფულადი გადარიცხვა. ასეთი ქოლ-ცენტრები ხშირად საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებენ და შესაძლოა კონკრეტულ ქვეყანაში ფიზიკურად არც არსებობდნენ. სამიზნეები მხოლოდ ხანდაზმულები არ არიან, მათ შორის შესაძლოა ემიგრანტები, მცირე ბიზნესის მფლობელები და ის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც სწრაფი შემოსავლის შესაძლებლობას ეძებენ. საგამოძიებო ორგანოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა ამ ქსელის ზედა რგოლის გატეხვაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ მუშაობენ ქოლ-ცენტრები - უხილავი თაღლითობის გლობალური ქსელი.

“ქვეყანაში მსგავს საქმეებზე რეაგირებას ახორციელებენ შსს და პროკურატურა, თუმცა პრობლემა ტრანსნაციონალური ხასიათისაა და ხშირად საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს. 18 თებერვალს პროკურატურამ მორიგი მასშტაბურო დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორისაა ჟურნალისტი ელისო კილაძე და ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე. “ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. ქოლ-ცენტრების ოპერატორები, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას... ” - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მისი თვალთახედვით, ქოლ-ცენტრების მთავარი ამოცანა აკუმულირებული თანხების ტექნიკური, მორალური თუ რიტორიკული დონით მითვისებაა.

„ქოლ-ცენტრები ფულის მითვისებას ცდილობენ კანონში არსებული ხარვეზების საშუალებით, რათა რაღაც გარკვეული ფორმით, მოტყუებით, ან ტექნიკური პროგრესის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და მიამიტი ადამიანების შეცდიმაში შეყვანით მოხდეს მათ ხელთ არსებული თანხების ჩამორთმევა, ისე ამოღება, რომ ისინი ვეღარ განკარგავენ თავის ფულს. ბევრი ექსპერტის მსგავსად, ამ სფეროში მეც ვერ ვერკვევი, თუმცა, ჩემი აზრით, ქოლ-ცენტრების მთავარი ამოცანაა ტექნიკური, მორალური, თუ რიტორიკული დონით წამოიღოს ფული იქიდან, სადაც აკუმულირებულია და მიითვისოს. ამაზე კარგად გამოცდილ-დატრენინგებული უამრავი ადამიანი მუშაობს. ჩვენ გაგვიგია, მაგალითად, პენსიონერებს როგორ ატყუებენ, ასევე ფეხბურთის გულშემატკივრებს. უკვე რაკი პენსიონერი ვარ, უამრავი წინადადება შემოდის იმ იმედით, რომ მე ვიღაც შტერი ვარ და ანკესზე წამოვეგები. არაფერზე არ ვეგები, არც ნამდვილ რეალურ წინადადებებს არ ვპასუხობ, არც აშკარა გარკვეულ ტყუილებს. აი, მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია, ამ კოდით შედით სადღაც - აშკარად ცდილობენ ორი-სამი კაპიკი თუ მაქვს, ისიც რაღაცნაირად მიითვისონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მე იმდენი ჭკუა მყოფნის, რომ ამას არ წამოვეგო, მაგრამ ვიღაცა თანხმდება, ვიღაცისთვის რაღაცა საინტერესო წინადადებაა. ყოველ ადამიანს დაახლოებით ასი დოლარი რომ წაართვა, ეს უკვე მილიონობით დოლარი გამოდის - მე ასე მესმის, დაახლოებით ასე მუშაობს ქოლ-ცენტრები. თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ ქოლ-ცენტრებს საზღვრები არ სჭირდება. ახლა ჩინეთში მგონი ბანგლადეშიდან, თუ სხვა ქვეყნიდან დააპატიმრეს ადამიანები, ასეულობით დაპატიმრებული ჩინეთში ჩაიყვანეს. ქოლ-ცენტრები საზღვრებს არ სცნობს, უამრავი ტექნოლოგიები და კავშირებია სოცქსელების სახით, ეს რა თქმა უნდა ახალი რეალობაა. ის, კი არა, ენას არ სცნობს - როცა ადამიანმა ქართული არ იცის, შეუძლიათ დაგირეკონ, თავის ენაზე გელაპარაკოთ, ისეთი პროგრამები აქვთ, რომ შენამდე ენა უკვე ქართულად მოდის. თუ ამ ტექნოლოგიებში კარგად არ ხარ გარკვეული, შეიძლება იფიქრო, რომ ამ კაცს რაღაცა აქცენტი აქვს. რა დროს საზღვრებზე და სახელმწიფოებზეა ლაპარაკი, ქოლ-ცენტრები უკვე ამ ტექნოლოგიურ რეალობას იყენებენ”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა