გიორგი ენუქიძე - თუ ვინმეს აქვს განმარტებების ვალდებულება, ისინი არიან, ვინც მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც შშმ პირთა ციფრულ უფლებებს 7 წლით გადადებს და აღსრულების მექანიზმებს მკაფიოდ არ განსაზღვრავს - შშმ პირთა უფლებები „მომავლისთვის“ ვერ გადაიდება

თუ ვინმეს აქვს განმარტებების გაკეთების ვალდებულება, ეს ის პირები არიან, ვინც მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც შშმ პირთა ციფრულ უფლებებს 7 წლით გადადებს და აღსრულების მექანიზმებს მკაფიოდ არ განსაზღვრავს - მისაწვდომობა არის ყოველდღიური დამოუკიდებლობა და შშმ პირთა უფლებები „მომავლისთვის“ ვერ გადაიდება, - ეს არის არგუმენტი, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის” „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას ხსნის.

პარტიაში შშმ პირთა მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე ფრაქციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ არავის წინაშე თავი სამართლებელი არ აქვთ.

ენუქიძის განმარტებით, UN Convention on the Rights of Persons with Disabilities პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უფლებების დროული და ეფექტური რეალიზება.

ენუქიძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციას ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის დარღვევაზე, საჯარო სერვისების მიუწვდომლობაზე, ინფორმაციის მიუწვდომლობაზე, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არქონაზე და როდესაც საქმე რეალურ ყოველდღიურ ბარიერებს ეხება, კანონი დეკლარაციული რჩება.

„საკომიტეტო განხილვის დროს დავსვი კონკრეტული კითხვები: რატომ გადაიდო უფლებების რეალიზაცია 7 წლით? ვინ ამოწმებს მისაწვდომობას? რა სტანდარტით ამოწმებს ვინ ასანქცირებს და რა მოცულობით? რა ხდება განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უცვლელად გავიდა.

ჩვენ საკითხს ვუყურებთ შინაარსობრივად და არა ემოციურად. მისაწვდომობა ლოზუნგი არ არის. მისაწვდომობა არის ყოველდღიური დამოუკიდებლობა — სახელმწიფო სერვისებზე, განათლებაზე, ფინანსურ მომსახურებაზე და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.

შშმ პირთა უფლებები ვერ გადაიდება „მომავლისთვის“.

UN Convention on the Rights of Persons with Disabilities პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უფლებების დროული და ეფექტური რეალიზება.

უფლებების გადავადება იქამდე, სანამ მათი პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგავს აქტუალობას, ეწინააღმდეგება კონვენციის სულისკვეთებას.

კანონი, რომელიც არ განსაზღვრავს: მკაფიო ვადებს რეალისტურ და არა გაჭიანურებულ ფორმატში, დამოუკიდებელ მონიტორინგს ეფექტურ სანქციებს, აღსრულების მექანიზმს, არის ფორმალური და არა სისტემური ცვლილება.

შშმ პირთა უფლებები არ უნდა იქცეს პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტად.

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ რეალურ, მოქმედ და დროულ რეგულაციაზე, მაგრამ ვერ დავუჭერთ მხარს დოკუმენტს, რომელიც უფლებას აყოვნებს და პასუხისმგებლობას ბუნდოვანს ტოვებს.

რატი იონათამიშვილის დროებითი პიარ-აქტივობები ვერ გადაწონის თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს.

უფლებები უნდა განხორციელდეს დროულად - არა მაშინ, როდესაც ეს უკვე დაგვიანებული იქნება. შშმ პირთა უფლებები არ არის პოლიტიკური ლოზუნგი.

ეს არის სახელმწიფოს ტესტი - პატივს სცემს თუ არა ის თანასწორობას პრაქტიკაში.

დღეს საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერილი ცვლილებები კიდევ ერთხელ აჩენს მთავარ კითხვას: თუ ციფრული მისაწვდომობის ნაწილში სანქციების არსებობა აუცილებელია, რატომ არ არის სანქცირების მექანიზმი გათვალისწინებული შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის სხვა მუხლებშიც?

წლების განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციას არც ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის დარღვევაზე, საჯარო სერვისების მიუწვდომლობაზე, ინფორმაციის მიუწვდომლობაზე, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არქონაზე ანუ როდესაც საქმე ეხება რეალურ ყოველდღიურ ბარიერებს, კანონი რჩება დეკლარაციული.

ახლა კი, კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, მმართველი პარტია აღიარებს, რომ სანქცირება აუცილებელია და დიახ ეს ჭეშმარიტად აუცილებელია.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ სანქცია აუცილებელია აღსრულებისთვის, რატომ არ არის ის აუცილებელი ყველა იმ უფლებასთან მიმართებაში, რომლებიც წლებია დარღვეულია? ეს უკვე სამართლებრივი თანმიმდევრულობის საკითხია.

ან ვაღიარებთ, რომ კანონი აღსრულების გარეშე ფორმალურია და მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს სისტემურად ან ვტოვებთ შერჩევით მიდგომას, რაც მიუთითებს არათანმიმდევრულ და ფრაგმენტულ პოლიტიკაზე.

შშმ პირთა უფლებები არ შეიძლება იყოს ნაწილობრივ სავალდებულო და ნაწილობრივ რეკომენდაციული.

თუ სახელმწიფოსთვის სანქცია არის აღსრულების ინსტრუმენტი, მაშინ ის უნდა მოქმედებდეს ყველა მუხლზე, სადაც უფლება ირღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ ორმაგ სტანდარტს.

ჩვენი პოზიცია არის პრინციპული: თუ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე - ვსაუბრობთ სრულ პასუხისმგებლობაზე.

თუ ვსაუბრობთ აღსრულებაზე - ვსაუბრობთ სისტემურ აღსრულებაზე. შერჩევითი სანქცირება არ არის რეფორმა. ეს არის პოლიტიკური პიარი.

ვინც მონოპოლიას კარგავს, ის ხმას იმაღლებს - ვინც არგუმენტს ფლობს, ის პასუხს იძლევა“, - აცხადებს გიორგი ენუქიძე.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათი ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ. კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით - 84 მომხრით, 7-ის წინააღმდეგ გავიდა.

აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა და გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას გაუსვა ხაზი.

„გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა და, თუ იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ “გახარიების” მხრიდან ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი და მათ მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს”,- წერს იონათამიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!