ტატა ხვედელიანი  - „ოცნების“ მუშაობა ტრიალებს ბიტკოინებისა და ფულის ირგვლივ - ქვეყანა უპრეცედენტო შერჩევითი სამართლით იმართება

ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „კლანური“ ბრძოლა, - ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი, ტატა ხვედელიანი კორუფციულ დანაშაულებში თანამდებობის პირების მხილებას.

როგორც ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ოცნების“ წევრები კორუფციაზე წლების განმავლობაში დუმდნენ და ახლა ამ საკითხს ფასადურად ებრძვიან.

„ოცნების“ დღევანდელი მუშაობა ტრიალებს ბიტკოინებისა და ფულის ირგვლივ. დავაკვირდეთ ქვეყნის მმართველობაში მყოფ ძალას, როგორი უპრეცედენტო შერჩევითი სამართლით მართავს. „ოცნება“ წლების განმავლობაში დუმდა ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, თუ როგორ ღარიბდებოდა ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები. ამ ყველაფერზე „ოცნების“ წევრები დუმდნენ, იცავდნენ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მოსახლეობას ჰპარავდა ფულს და ახლა ვიგებთ, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „კლანური“ ბრძოლა. ეს არის ლილუაშვილი- ღარიბაშვილის „კლანის“ მთლიანად ჩამოცილება“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ამასთან, მან ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისაუბრა. ტატა ხვედელიანის შეფასებით, ლევან დავითაშვილი საქართველოდან გაიქცა, გააქციეს თუ არსად წასულა, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ჩანს ის, რომ „ხელისუფლებისთვის მთავარი ფულია“.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს საგამოძიებო უწყებები არ ემსახურება ხალხს და ემსახურებიან მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი პარტიის ინტერესებს“. „ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიტკოინები და ფული, ყველა ის გარჩევა, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ, ამისკენ არის მიმართული. ამას ემსახურება დაკავებებიც და ამ პირების გამოვლენაც. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გააქციეს, გაიქცა თუ საერთოდ არ გასულა ქვეყნიდან, რადგან საქმე გვაქვს არასტაბილურ რეჟიმთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის საკუთარი ძალაუფლება, სარგებელი და არა ხალხის ინტერესები. უამრავი შემთხვევა შეგვიძლია მოგიყვანოთ, როდესაც ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, რეჟიმი ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ საკუთარი საწადელი აისრულოს“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ამასთან, მან „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს გათავისუფლება მიულოცა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ეს არ არის სამართლიანობა, რადგან უამრავი შეკითხვა არის, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

„შერჩევითი სამართლით ხდება ჩვენი ქვეყნის მართვა მაშინ, როდესაც ვხედავთ ვითომ კორუფციასთან ბრძოლას. იმავე საგამოძიებო უწყებისგან ვხედავთ, რომ 5 წელი ინახავდნენ იმ კადრებს, როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, როგორ წაართვეს ჩვენს ქვეყანას მომავალი. ამაზე 5 წელი დუმდნენ იმ ადამიანები, რომლებიც დღეს თანამდებობებზე არიან და ისინიც მონაწილეობდნენ ამაში. ახლა ვითომ გაშიფრეს ეს წრე, მაგრამ არ გვეუბნებიან, ვინ იყო ამის ზემოთ, ვინ აფარებდა ამ ყველაფერს ხელს. რამდენი დედა ითხოვს საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებას. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ტრაგედია. ამაზე უნდა დავსვათ კითხვები, რადგან „ოცნებას ამაზე კითხვები არ აქვს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისი თქმით, „დღეს სასამართლო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ რეჟიმის ხელში, რომელსაც ის ხალხის წინააღმდეგ იყენებს“.

„100-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ქალი პოლიტპატიმრები, უმძიმესი მდგომარეობაა, მათი მიმართულებით აბსურდულ სასამართლო პროცესებს ვხედავთ. მაგალითად, დღეს იმართება გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი, რომელიც ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას ეხება. ასე სამწუხაროდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს რეჟიმი იმისთვის, რომ პოლიტიკური შურისძიების აქტი განახორციელოს გახარიაზე მაშინ, როდესაც მას დაჰპირდა ივანიშვილი, რომ ამ ყველაფერს შეასრულებდა“,-განაცხადა ხვედელიანმა.

გარდა ამისა, ტატა ხვედელიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლაც შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერმა მიგრაციის და დემოგრაფიის საკითხზე „ფასადური ცოდნა“ გამოავლინა.

„ბატონმა კობახიძემ გამოავლინა თავისი ფასადური და უშინაარსო ცოდნა. მან ასეთი რამ თქვა შობადობის საკითხზე: „შობადობის კუთხით ტენდენცია ძალიან მძიმეა, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის - ყველგან, სადაც ლიბერალური იდეოლოგია ინტენსიურად ვრცელდებოდა, არის პრობლემები“. ასეთ აბსურდს ასმენინებს ისტორიული საკანონმდებლო ორგანოდან პრემიერად წოდებული ადამიანი. პრემიერად წოდებული ადამიანი და მისი გუნდი არ იცნობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემებს. ეს დამტკიცდა მას შემდეგ, რაც ახალ წლამდე 5 დღით ადრე, მან წარადგინა ინიციატივა ფასებთან დაკავშირებით. ისევ ლიბერალურ თემებზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან ადამიანები გააქციეს და ისინი საკუთარ ოჯახებს ტოვებენ“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!