ნინო დოლიძე - ვეღარ ვისაუბრებთ საქართველოზე, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოზე, კრიმინალური ბანდით ხდება საქმეების წარმოება - არამხოლოდ კანონების კუთხით გადავდგით ნაბიჯები უკან, საერთოდ სად ვართ უკვე, ამის გარკვევა ჭირს

ყველაფერი ბაჩიაშვილის ირგვლივ იყო მოტივირებული ბიძინა ივანიშვილის პერსონალური, პირადი ინტერესით - სამართლებრივ სახელმწიფოზე ვეღარ ვისაუბრებთ, რაღაც კრიმინალური ბანდით ხდება საქმეების წარმოება. მომავალში ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით, რაც იქნება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ინტერესი, შესაძლოა, მსგავსი განვითარება ვიხილოთ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბუნდოვანებაა როგორც ბაჩიაშვილის გათავისუფლების ნაწილში, ასევე ზოგადად, მისი დაკავების ნაწილშიც.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი გასცდა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოს, სადაც ადამიანებს უნდა აკავებდნენ და ათავისუფლებდნენ მათი ბრალეულობის მიხედვით. უნდა იყოს წარმოდგენილი სათანადო ფაქტები, თუკი მოხდა მისი გათავისუფლება, შეწყალებით მოხდა თუ რა ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ ასეთი არაფერი არ ვიცი. ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე ერთი განცხადებით ვიგებთ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდა. ეს წარმოაჩენს, რომ ყველაფერი ბაჩიაშვილის ირგვლივ იყო მოტივირებული ბიძინა ივანიშვილის პერსონალური, პირადი ინტერესით. მას ჰქონდა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, პერსონალური ფინანსური ინტერესი. სავარაუდოდ, შესაძლოა, დაიბრუნა ან დაიბრუნებს იმ ფინანსებს, რომელთა დაკავშირებითაც ჰქონდა ეს პრეტენზია ბაჩიაშვილთან და ალბათ, ეს იყო [საპროცესო შეთანხმების] მიზეზი. ჩვენ ბაჩიაშვილის დაკავებაც უნდა გავიხსენოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. აქაც უამრავი ბუნდოვანებაა. სპეცოპერაცია ჩატარდა. ამასთან დაკავშირებითაც არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია.

სამართლებრივ სახელმწიფოზე ვეღარ ვისაუბრებთ, რაღაც კრიმინალური ბანდით ხდება ასეთი საქმეების წარმოება. არამხოლოდ ბაჩიაშვილთან, მომავალში ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით, რაც იქნება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ინტერესი, შესაძლოა მსგავსი განვითარება ვიხილოთ. სად არის საქართველო, წარმოუდგენელია. ამდენი ხნის მეტ-ნაკლები პროგრესი, კანონმდებლობის დახვეწის მცდელობები, არამხოლოდ აქ გადავდგით ნაბიჯი უკან, არამედ საერთოდ სად ვართ უკვე, ამის გარკვევა ძალიან ჭირს და მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებას, ამ საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ზოგადად, მოქალაქეებს არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება. ეს ყველაფერი თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით მოხდება და არ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე ტიპის ობიექტურ ინფორმაციას გავიგებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, არ გვაქვს წარმოდგენა რატომ, რისთვის ხდება ეს ბრძოლა, დამნაშავეები არიან, არ არიან, ეს ყველაფერი არ ვიცით. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, ჩვენ ამიტომ გვინდოდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ამიტომ გვინდოდა დამოუკიდებელი საჯარო უწყებები, რომ ეს ყველაფერი მეტად გვცოდნოდა და შესაბამისად, დამოუკიდებელი თავისუფალი სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების დადგენის შესაძლებლობა ყოფილიყო. დღეს ეს ყველაფერი არ ვიცით. იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და შესაბამისად, ვარაუდია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული პროცესი და არაფერი აქვს კავშირი მას სამართლიანობასთან“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გარდა ამისა, მან ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მიერ ქვეყნის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვერავინ გავიდოდა საქართველოს ტერიტორიიდან თუ ეს არ იქნებოდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი“.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ნამდვილად ვუყურებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან შიდა დაპირისპირებებს, იქნებოდა ეს ირაკლი ღარიბაშვილის, ლილუაშვილის თუ ა.შ. დაკავება. ამასაც კორუფციის საფარქვეშ აკეთებენ. ჩემი აზრით, ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ამას არაფერი აქვს საერთო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ფულს თუ აგროვებდნენ და ჩართული იყვნენ კორუფციაში, ეს ახლა არ მომხდარა, ეს მოხდებოდა იმ წლების განმავლობაში, როდესაც ისინი თანამდებობებს იკავებდნენ. მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, აქ არანაირი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, ეს არის შიდა კლანური დაჯგუფებების ბრძოლა, მათ შორის ფინანსების ნაწილში. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სხვადასხვა ტიპის ფინანსების ამოღებას და ეს ბოლო ფაქტიც ამას უკავშირდება. ვერავინ გავიდოდა საქართველოს ტერიტორიიდან თუ ეს არ იქნებოდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ალბათ, აქაც რაღაც მოლაპარაკებებს თუ გეგმებს აქვს ადგილი. ვნახოთ, როგორი განვითარება ექნება. მიჭირს ამ ყველაფრის შეფასება ობიექტურადაც, იმიტომ, რომ ინფორმაციებიც არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. გამოდის სუს-ი და პროკურატურა ყოველდღე და რაღაც განცხადებებს აკეთებს, ბუნდოვანებაა სრული ამ ყველაფრის ირგვლივ. არ ვიცით, რა არის რეალური მიზეზები, არ ვიცით რეალურად რა ხდება. ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ ინტერესებზეა მორგებული ყველა ეს პროცესი“, - განაცხად ნინო დოლიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ნინო დოლიძემ გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტია, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები „არის დაშინების ახალი მექანიზმი, რომ ადამიანებში იყოს თვითცენზურა“.

„ჩვენ უნდა ავუხსნათ მაყურებელს, რომ ეს ბოლო ცვლილებები არ არის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, არამედ არის ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც გამოხატავს თავის მოსაზრებას პოლიტიკასთან, თუ სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით და არ იქნება ეს პოზიცია „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები. ეს აღარ არის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, როგორიც იყო „რუსული კანონი“, ივანიშვილის FARA და ა.შ. ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანი ხდება სამიზნე, რომელიც შესაძლოა რაიმე დაფინანსებას იღებს. მაგალითად უცხოურ კომპანიაში IT თანამშრომლად მუშაობს და ამ დროს საუბრობს საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ამიტომ ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მხოლოდ, არამედ ყველას წინააღმდეგაა. მათ შორის, ამ კანონმდებლობის შესრულება აუცილებლად მოხდება შერჩევითად. ფაქტობრივად, ყველაფრის კრიმინალიზება ხდება, რაც მათ არ მოეწონებათ, რათა არსებობდეს ისეთი კანონმდებლობა, რომ ყველას ერგებოდეს. ამ კანონმდებლობას რეალურად არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული კანონმდებლობის სისტემასთან. სხვათა შორის, ავტორიტარულ სისტემაშიც შეიძლება ვერ იპოვოთ ასეთი ტიპის აკრძალვები. მართლა ავტორიტარული საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება საქართველოში, რომელიც შეიძლება მაგალითიც კი იყოს სხვა ქვეყნებში სწავლის დროს. „ქართული ოცნება“ ვერ აღწევს მიზანს, რაც არის სრული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება. ვერ აჩუმებს ყველას. პროტესტი გრძელდება. რომ შევაჯამოთ, ამ კანონმდებლობაზე ვიტყოდი, რომ ეს არის დაშინების ახალი მექანიზმი, რომ ადამიანებში იყოს თვითცენზურა, ადამიანებმა აღარ გამოხატონ საკუთარი პოზიციები. შიში შესაძლოა იყოს, მაგრამ ქვეყანაში არ ჩერდება პროტესტი. სამოქალაქო ორგანიზაციებიც აგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, ისინი იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის კრიტიკული დემოკრატიის არსებობისთვის ქვეყანაში. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მგონია ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაზე ხელის შეშლა“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა