ირაკლი ნადირაძე მოწმე ექსპერტს - არც ადვოკატებს, არც ჩვენ და ალბათ, არც ამ საზოგადოებას არ სჯერა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე, რომელიც განსაკუთრებული სიმტკიცის უნდა ყოფილიყო, 4 კაცს 4 წამში შეიძლებოდა გადაენგრია

არც ადვოკატებს, არც ჩვენ და ალბათ, არც ამ საზოგადოებას არ სჯერა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე, ­რომელიც განსაკუთრებული სიმტკიცის უნდა ყოფილიყო, 4 კაცს 4 წამში შეიძლებოდა გადაენგრია, - ასე მიმართა ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ მოწმე ექსპერტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

სასამართლოში ჩვენება მისცა ტრასოლოგმა ექსპერტმა ოთარ ხაბურზანიამ, სწორედ მან ჩაუტარა ათონელის სასახლის ღობეს ექსპერტიზა.

„თქვენ თქვით, რომ იურისტი ხართ. ჩემი დიდი პატივისცემა ყველა იურისტს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მეგონა დღეს ჩვენ წინაშე ინჟინერი იქნებოდა წარმოდგენილი, მესმის, რომ დე-ფაქტო პრემიერი ირაკლი კობახიძე ებრძვის ინჟინრებს, ტექნიკურ უნივერსიტეტს, მაგრამ საბაზისო საგნები ისწავლება სამშენებლო ფაკულტეტზე, ლოგიკური იქნებოდა, დღეს ინჟინერი ყოფილიყო. ბევრი კვალიფიციური კითხვა დაისვა.

იყო თუ არა გადაჭრილი ღობე, დაისვა კითხვა, მაინტერესებს, რამდენი სახის ჭრა იცით თქვენ? „ბარგალკით” იყო თუ არა გადაჭრილი, ამაზე შეამოწმეთ?", - მიმართა ექსპერტს ნადირაძემ.

რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ზოგადად ბევრი ჭრა შეიძლება იყოს, მათ შორის, „ნაჟოვკით", თუმცა, მსგავსი ჭრის კვალი მას არ უნახავს.

„ნაჟოვკით" გადაჭრისას რჩება თუ არა გლუვი ზედაპირი? თქვენ მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეთ, თუ ყველა დაზიანებულ წერტილს ხელი გადაუსვით?

ალბათ, ბევრი ექსპერტიზა ჩაგიტარებიათ და ალბათ გაგიგიათ პნევმატური ჭრა, შეამოწმეთ?",- ჰკითხა პოლიტიკოსმა ექსპერტს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„პნევმატური ჭრის შედეგად გლუვი ზედაპირი არ რჩება. შეიძლება თუ არა ლითონის დაზიანება მჟავის დასხმით და შეამოწმეთ თუ არა ამაზე?...

პნევმატურ ჭრაზე არ ჩამიტარებიაო, მჟავით იყო თუ არა დაზიანებაო, არ ჩამიტარებიაო. აბა რა ჩაატარეთ? მე თვითონ ვარ ექსპერტების ოჯახიდან, მამაჩემი, ბიძაჩემი, საბაგირო გზების ექსპერტები არიან, ძალიან კომპეტენტურები სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიცი როგორ ტარდება ტექნიკური ექსპერტიზა. მათ შორის, ყველა დაზიანებული კი არა, საეჭვო ნაწილის დეტალური დასურათება ხდება. ფოტოზე ჩანს, რომ მინიმუმ ერთ ღობეს 4-4 ჩამაგრების წერტილი აქვს, ჯამში, სექციას სადღაც 28 წერტილი აქვს, 4 სექცია თუ იყო გადავარდნილი, 100-ზე მეტი წერტილი უნდა ყოფილიყო. რატომ არ დაასურათეთ ყველა ცალ-ცალკე?",- მიმართა ხაბურზანიას ნადირაძემ, რაზეც ექსპერტმა უპასუხა, რომ "რაც ჩათვალა საჭიროდ, ის დაასურათა".

ექსპერტ-ტრასოლოგის ჩვენების მიხედვით, ის შემთხვევის ადგილზე 5 ოქტომბერს მივიდა, ღობეს კი გადაჭრის კვალი არ აღენიშნებოდა. მისივე ჩვენებით, ღობე დაზიანებულ მდგომარეობაში დახვდა, სამი სექცია სასახლის მხარეს იყო გადაგდებული. ღობე ლითონის მასალის იყო, სექციები კი შედუღების შედეგად იყო შეერთებული.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა