„ძლიერი საქართველო - ლელო“ - პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს - „ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი

„ძლიერი საქართველო - ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

„ინტერპრესნიუსი“ პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძლიერი საქართველო - ლელო“ პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული საზოგადოების ნდობას და ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას. ჩვენი მიზანი უცვლელია — ქვეყანაში მმართველი სისტემის დემოკრატიული ცვლილება მშვიდობიანად, არჩევნების გზით. თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, თითოეული ინიციატივა შევაფასოთ არა ემოციურად, არამედ სტრატეგიულად.

ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას, შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც.

პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას. ბოლო წლებში დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ შევთავაზეთ სისტემური ერთობის ფორმატები — ალტერნატიული პარლამენტის იდეა, პრეზიდენტის ქარტიის გარშემო კონსოლიდაცია, არაპარტიული ეროვნული ერთობის მოდელი. თითოეულ შემთხვევაში პროცესი შეჩერდა ან ჩაიშალა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ დაზიანდა იდეა და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნდობაც, სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ.

ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლობიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი.

პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით.

„ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

„ძლიერი საქართველო - ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს