ალექსანდრე რატიშვილი - როცა პროდუქტის თვითღირებულება, პირობითად, 2 ლარი მიჯდება, საბოლოოდ, მისი ფასი თაროზე 6 ლარია, ამ 2 ლარში ასახულია ე.წ. ქეშბექიც და ყველა პირობა - თუ ეს პირობები მოიხსნება, აისახება საბოლოო ფასში

როდესაც ერთეული პროდუქტის თვითღირებულება, პირობითად, 2 ლარი მიჯდება, საბოლოოდ, მისი ფასი თაროზე 6 ლარია. ამ 2 ლარში ასახულია ე.წ. ქეშბექიც და [ბაზარზე შესვლის] სხვა ყველა პირობაც - თუ ეს პირობები მოიხსნება, ეს იმ წუთას აისახება საბოლოო ფასში,- ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულის კომპანიის წარმომადგენელმა, ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ბაზარზე ურთიერთობები კონკურენტუნარიანი გახდება, „ეს მწარმოებლის მხრიდან საოპერაციო ხარჯებს ცალსახად შეამცირებს“.

„ბაზარზე შესვლის ბარიერებს ცივილიზებული ტერმინი აქვს და ჰქვია კომერციული პირობები, რომლის მთავარი კომპონენტი გახლავთ ე.წ. ქეშბექი. მეორე კომპონენტი გახლავთ შესვლის გადასახადი. მესამე - ადგილზე თაროს გადასახადი. მეოთხე - ვალდებულება, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან, შენ ყველგან უნდა შეხვიდე. მეხუთე კომპონენტი გახლავთ, რომ მათ რა ფასსაც მიაწვდი და რაზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო.

[თუკი ურთიერთობები კონკურენტუნარიანი გახდება] ეს მწარმოებლის მხრიდან საოპერაციო ხარჯებს ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს. როდესაც ერთეული პროდუქტის თვითღირებულება, პირობითად, მიჯდება 2 ლარი, საბოლოოდ, თაროზე მისი ფასი არის 6 ლარი. ამ 2 ლარში ასახულია ე.წ. ქეშბექიც, ეს ყველა პირობებიც და კიდევ სხვა კომპონენტები, როგორიც არის საბანკო სფეროს მომსახურების ტარიფები. რასაკვირველია, თუ ეს ყველაფერი მოიხსნება, ეს იმ წუთას აისახება საბოლოო ფასში“,- განაცხადა რატიშვილმა.

მისივე თქმით, თუ კი ბაზარზე ლიკვიდურობის მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ერთეული პროდუქტის ფასზე აისახება.

„პარადოქსული სურათია, რომ ხშირად სააქციო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე მიწოდების ფასი. იმიტომ, რომ ე.წ. დიდი ქეშბექის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. ობიექტური უნდა ვიყო და ვთქვა, რომ სააქციო პერიოდში, ჩვენ ფასდაკლებას აღარ გვთხოვენ. ამ ე.წ. ქეშბექიდან ფინანსდება ეს. აქ სხვა პრობლემაა დამალული. აქ არის კონკურენციის მოსპობის საკითხი“,- განაცხადა რატიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!