პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში, ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა, - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ე.წ რითეილებთან იმყოფებიან არათანაბარ, უსამართლო პირობებში და თავის გადარჩენაზე არიან მწარმოებლები გადასულები.
„გამომდინარე ასიმეტრიული ურთიერთობის ფაქტიდან როგორც თქვენ ბრძანეთ, ადგილი აქვს მიმწოდებლების მიმართ და განსაკუთრებით მტკივნეული ეს არის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვისაც და იმპორტიორებისთვისაც, მაგრამ მე როგორც მწარმოებელი ვლაპარაკობ მათი სახელით. იმდენად არათანაბარი, იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ განვვითარდეთ. თუ ამ საკითხს არ მიეხედა ჩემი წარმოებაც და ბევრი სხვაც ხვალ - ზეგ გაკოტრების პირას ვიქნებით, ვართ უკვე“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.
გარდა ამისა, რატიშვილმა ისაუბრა ფასწარმოქმნის პროცესის შესასწავლად უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივაზეც და განაცხადა, რომ „ყველაფერი ხელის გულზე დევს და ძალიან დიდი ველოსიპედის მოგონება არ გვჭირდება“.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროა სწორად აწყობილი და გაგებული საკანონმდებლო რეგულაციები გარკვეული პაკეტის შექმნა, რომელიც ამ სფეროს დაუწესებს სამართლიან, სწორ, განვითარებაზე და ყველა ბიზნესის თავისუფლებაზე და არა შეზღუდვაზე დაწესებულ წესებს.
„სხვათა შორის, მეც მაქვს თქვენთან კითხვა. მოვისმინე ტელევიზორში უცხოური კონსულტანტის მოწვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია, კითხვები დამებადა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს.
ერთ-ერთი საკონსულტაციო ჩემი რჩევა იქნება, რომ ძალიან დიდი ველოსიპედის მოგონება არ გვჭირდება. ყველა ქვეყანას, საბჭოთა კავშირიც მახსოვს და საქართველოს, საბჭოთა კავშირის პატარა რესპუბლიკას, თავისი ვაჭრობის სამინისტრო ჰქონდა. დღეს არაფერი არ არსებობს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ სწორად აწყობილ და სწორად გაგებულ საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეულ პაკეტს შევქმნით, რომელიც ამ სფეროს დაუწესებს სამართლიან, სწორ, განვითარებაზე და ყველა ბიზნესის თავისუფლებაზე და არა შეზღუდვაზე დაწესებულ წესებს.
რაც შეეხება „ქეშბექს“, ეს ან არის ყველასთვის, ან არ არის, აქ საუბარია ზღვარზე. ყოველწლიურად, რაც ეს „ქეშბექი“ დაიწყო საქართველოში და ეს შემოიტანა „კარფურმა“, ჩვენებმა ეს არ იცოდნენ, არც იყვნენ ასე განვითარებული, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ, იყო მარჟა. დღეს კარფურთან შედარებით ჩვენებმა, როგორც ყველაფერში სჩვევიათ ხოლმე განსაკუთრებულობა, სუფრით დაწყებული და ცუდი თუ კარგი ამბებით, ხუთმაგად გადააჭარბეს. „კარფური“ დარჩა ნორმალურ ზღვრებში. ესენი ათჯერ მეტს ყიდიან, ვიდრე „კარფური“, მაგრამ „ქეშბექი“ დარჩა ის, საიდანაც თითქმის რომ დაიწყო“,-განაცხადა რატიშვილმა.