ირაკლი აბესაძე 4 ოქტომბრის საქმეზე - ლითონზე ექსპერტიზა ჩაატარა იურისტმა და ამით ყველაფერი ნათელია - ექსპერტი მივიდა, სასახლის ღობეს დახედა და თქვა, უჰ, ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო - შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნა ყალბია

მთლიანობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერტი მივიდა, [პრეზიდენტის სასახლის ღობეს] დახედა და თქვა, უჰ, ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო, არ ვუტრირებ, ეს არის საექსპერტო დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც, უნდათ 64 ადამიანი ციხეში გაუშვან, - ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსებისა და აქციის დანარჩენი მონაწილეების სასამართლო პროცესზე ექსპერტ-ტრასოლოგი, ოთარ ხაბურზანია დაიკითხა. სწორედ მან ჩაუტარა სასახლის ღობეს ექსპერტიზა.

„ლითონზე ექსპერტიზა ჩაატარა იურისტმა და ამით მე მგონი, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება იმას, თუ რას ვერ უპასუხა იურისტმა ლითონთან მიმართებით, ექსპერტმა ვერ თქვა, რამდენი შედუღების წერტილი იყო, რამდენ ადგილას ეძება ჭრის კვალი, მან ეს უბრალოდ არ იცოდა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ ღობის სექციები არც კი აუწევიათ, რომ ენახათ მიწაზე დაცემის ქვედა მხარეს ხომ არ იყო რამე ჭრის, ან მექანიკური დაზიანების კვალი. ექსპერტმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ მას არ შეუსწავლია და არც აქვს იმის ცოდნა, შეესწავლა, ხომ არ იყო შედუღების დეფექტი, ექსპერტმა ვერ გამორიცხა, ხომ არ იყო ხელოვნურად შექმნილი ტეხვის კვალი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე, მის მისვლამდე ხომ არ ჰქონდა რამე მანიპულაციებს ადგილი ღობის სექციაზე. ექსპერტმა ვერ დაასაბუთა, როგორ გამორიცხა ჭრის ყველა კვალი, მაშინ, როცა ლითონის ჭრის ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ისინი სხვადასხვანაირ კვალს ტოვებენ. ექსპერტმა პროკურატურას დაუდასტურა, თითქოს, ღობე შედუღებით და სხვა ტიპის სამაგრითაც იყო დამაგრებული, მაგრამ შემდგომ ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მიუთითა, რა სამაგრზე იყო საუბარი, ის გატყდა, თუ გაჭრილი იყო და ვერ იპოვა მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებშიც აღნიშნული სამაგრი. მთლიანობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერტი მივიდა, დახედა და თქვა, უჰ, ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო, არ ვუტრირებ, ეს არის საექსპერტო დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც 64 ადამიანი უნდათ ციხეში გაუშვან. ბოლო წინადადებაში მე არ მიხუმრია, ექსპერტიზის ჩატარების მეთოდოლოგია იყო ასეთი - იურისტი ადგილზე მივიდა, ღობის სექციებს დახედა, ისე, რომ მათთვის ხელიც არ მოუკიდია და თქვა, უჰ, ეს ნამდვილად გატეხილია, ჭრის კვალი არ არისო. მისი დასკვნა, რომ ღობე არის გატეხილი და არა გაჭრილი, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყალბია“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა