შალვა პაპუაშვილი - სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“ - გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს. დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის განმსაზღვრელი სიტყვებია - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

„ალბათ, არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი. ის მთავარი დებულება, სადაც აისახება, თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი.

აშშ-ის კონსტიტუცია სახელმწიფოს საფუძვლად ინსტიტუციურ წესრიგს აყენებს და პირველივე მუხლით კონგრესის "საკანონმდებლო ძალაუფლებას" განსაზღვრავს. საფრანგეთის კონსტიტუცია აცხადებს, რომ საფრანგეთი არის „განუყოფელი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა“, რითაც რესპუბლიკურ და სამოქალაქო იდენტობას უსვამს ხაზს. გერმანია, თავისი მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის პირველივე მუხლს იწყებს სიტყვებით "ადამიანის ღირსება ხელშეუვალია" და მის დაცვას სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად აქცევს. იტალიის კონსტიტუცია კი „შრომაზე დაფუძნებულ“ რესპუბლიკას აცხადებს, რაც სოციალური სახელმწიფოს იდეას გამოხატავს.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.“

ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ის ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება.

სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია: ზოგან - ადამიანის უფლებები, ზოგან - ხალხის სუვერენიტეტი, ზოგან - სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ან ინსტიტუციური მოწყობა. საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. სამართლებრივ ნორმასთან ერთად ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ყველაზე ხატოვნად გადმოსცა - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს".

ეს იდეა გაგრძელდა და გამყარდა 1995 წლის კონსტიტუციაშიც, რომლის პირველი მუხლი კვლავ სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ერთიანობას ეხება.

გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს. დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია