წარმოუდგენელი რამეა, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში აყოლილია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.
პრემიერის განცხადებით, განათლების რეფორმის პოლიტიზება არ არის სწორი.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს. ჩვენ გვინდა ამ ვითარების გაუმჯობესება და როდესაც ამ პროცესის პოლიტიზებას ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის, არასწორიც არის, ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობა, რომ პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ელჩის მარგე მარდისალუ-კაჰარმის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.