ნუგზარ წიკლაური - ყველა საკითხზე ერთობა ვერ შედგება, მაგრამ ერთობა მთავარი საკითხების გარშემო უნდა შედგეს!

პოლიტიკური პარტიების ისტორიული პასუხისმგებლობაა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება მოახერხონ - ყველა საკითხზე ერთობა ვერ შედგება, მაგრამ ერთობა მთავარი საკითხების გარშემო უნდა შედგეს! დემოკრატიული და ეროვნული ალტერნატივა იქნება უმნიშვნელოვანესი გზავნილი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე დასავლელი პარტნიორებისთვის, - აღნიშნული განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

წიკლაურის თქმით, ის ღრმად დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგება და შესაბამისს დოკუმენტს ყველა ნახავს.

“იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც ახლა პოლიტიკურ ერთობას კრავენ, არიან ისეთები, რომელთაც სურთ, რომ პარტიათა იდენტობა იყოს შემცირებული და საერთო პოლიტიკური კავშირი შედგეს, მაგრამ არიან ისეთები, რომელთაც პირიქით, თავიანთი პარტიული იდენტობის გამოკვეთა სურთ. ასეთია განსაკუთრებით ახალი პოლიტიკური პარტიები - მაგალითად, “თავისუფლების მოედანი“, რომელიც ძალიან სიმპათიური ადამიანებისგან შეიქმნა. რამდენიმე თვეა, რაც ეს პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა და ბუნებრივია, რომ სურთ, ამომრჩეველს დაანახონ, რომ მათ რაღაც ახალი და განსხვავებული სათქმელი აქვთ. არის ძველი პარტიები, რომელთაც ამდაგვარი იდენტობის საკითხები უკვე გამოკვეთილი აქვთ. ამიტომ არის სხვადასხვა მოსაზრება და ამ მოსაზრებებს შეთანხმება სჭირდება. ეს არის პასუხი იმაზე, თუ რატომ გაჭიანურდა.

პოლიტიკური პარტიების ისტორიული პასუხისმგებლობაა, რომ მოახერხონ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, რაც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშეა. გასაგებია, რომ ვიღაც არის მემარცხენე, ვიღაც - მემარჯვენე, ვიღაცას განათლების სისტემაში ცვლილებები სხვანაირად წარმოუდგენია, ვიღაცას შესაძლოა სხვა ტიპის ეკონომიკური ორიენტირები აქვს, მაგრამ არის ფუძემდებლური საკითხები - ეს შეეხება დიქტატურას, ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს და ცივილიზაციურ არჩევანს. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირადი პოლიტიკური ამბიციები უკან უნდა დავწიოთ იმისთვის, რომ ამ ტიპის ერთობა შედგეს.

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ზღვარს გადააბიჯა და ყველა დემოკრატიული უფლება შელახა. ყველა ელოდება, რომ ოპოზიცია ისტორიულ პასუხისმგებლობას აიღებს და იტყვის: ჩვენს შორის არის განსხვავებები, ჩვენ მრავალფეროვანი ხალხი ვართ, ვართ დემოკრატიული ოპოზიცია, მაგრამ როცა საქმე საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის დაკარგვას ეხება, გვაქვს ძალა იმისა, რომ შევთანხმდეთ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, წიკლაური “აბსურდის თეატრს“ უწოდებს საბოტაჟის ბრალდებით ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს. წიკლაურის შეფასებით, თუკი ვინმემ ქართველი ხალხის მიმართ საბოტაჟი მოახდინა, ეს “ქართული ოცნებაა“.

მისივე თქმით, სიტყვა “საბოტაჟი“ ყველაზე პოპულარული სწორედ ტოტალიტარულ ქვეყნებშია და ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი ლიდერი იყო.

“მთელი იმ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა, რომ ვიღაც საბოტირებას ახდენდა. ასე იმიტომ აკეთებდნენ, რომ ტოტალიტარულ სისტემებს არ შეუძლიათ ეკონომიკა მართონ, არ შეუძლიათ მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის დამყარება. ამიტომ სულ მუდმივად მტრის ხატი სჭირდება - არსებობს ვიღაცა მტერი, რომელიც მას ხელს უშლის და ანადგურებს. საბჭოთა კავშირში საბოტაჟის ცნობილი საქმეები იყო, თითქოს და, ადამიანები მარცვლეულს ანადგურებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ მას. ესეც ძალიან მწარე მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ხელისუფლებას არ შეუძლია ურთიერთობების დამყარება ცივილიზებული სამყაროს არც ერთ წარმომადგენელთან, ამიტომ უნდა ამოარჩიოს ადამიანები, რომლებიც თითქოს და, ხელს უშლიან და გარკვეულ პროცესებში საბოტირებას უწყობენ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური აბსურდის თეატრი, სადაც არაფერი სიმართლესთან კავშირში არ არის. ამ ადამიანებს არანაირი საბოტირება არ მოუხდენია. თუკი ვინმემ ქართველი ხალხის მიმართ საბოტაჟი მოახდინა, ეს არის თვითონ “ქართული ოცნება“.

როდესაც იმაზე ლაპარაკობენ, რატომ ესაუბრებით დასავლელ პარტნიორებს, რატომ გადაეცით მათ მასალები, იმიტომ, რომ ჩვენ საქართველო წარმოგვიდგენია არა ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ბოცვანას გარემოცვაში, არამედ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან თანამშრომლობაში. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის განვითარება, მათ წარმოუდგენიათ სხვანაირად - ამიტომაც არის ასეთი დრამატული დისონანსი ოპოზიციის და “ქართული ოცნების“ პოზიციებს შორის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

წიკლაური იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ ქართველი ერის საწინააღმდეგო ინტერესს გამოხატავს. მისი თქმით, რასაც დღეს “ქართული ოცნება“ აკეთებს ისაა, რომ ყველა მეგობართან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა და ქვეყანა იზოლირებულია.

“საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა წარმოუდგენელი ამოცანაა, თუ ამ დამოუკიდებლობას არა ჰყავს მხარდამჭერები ქვეყნის გარედან - თავისუფალი სამყაროს მხრიდან. თუ არ არსებობს აშშ-ს, ევროპის ქვეყნების ძლიერი ინტერესი, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამის მიზეზია რუსეთი, რომელიც მუდმივად ცდილობს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი ერის წინააღმდეგ ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც მის დამოუკიდებლობას გაანადგურებს. რუსეთი შეიჭრა უნგრეთში, რუსეთი შეიჭრა პოლონეთში, რუსეთი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სულ ახლახან მოლდოვაში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი უკრაინის ამბები. როდესაც დამოუკიდებლობის ასეთი მოწინააღმდეგე გყავს, მუდმივად უნდა ეძებდე პარტნიორებს იმისთვის, რომ მოხდეს დაბალანსება რეგიონში. რასაც “ქართული ოცნება“ აკეთებს არის ის, რომ ყველა ჩვენს მეგობართან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა და ქვეყანა ყველა მეგობრისგან იზოლირებულია. “ქართული ოცნება“ ქართველი ერის საწინააღმდეგო ინტერესს გამოხატავს.

ყველა ინტერესი, რომელიც რუსეთს აქვს, აქ უკვე წარმოდგენილია, მაგრამ ასევე არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რასაც ყველანი ვხედავთ. დიახ, რეგიონში რუსეთი სუსტდება, არის ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რასაც თვალყურს ვადევნებთ. ამ ვითარებაში იმის მაგივრად, რომ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან ურთიერთობების მეტად აწყობა, დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება იყოს, “ქართული ოცნება“ ერაყის ქურთისტანთან, ბოცვანასთან, ირანთან და ამ ტიპის ქვეყნებთან ამჯობინებს ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა წიკლაურმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026