როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მხოლოდ მივესალმებით - სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ. სადაც შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ, იქ ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან“.
კობახიძის თქმით, მთავრობა აფასებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მაგრამ მას თუ „კონკრეტული ფორმაც ექნება, ეს მისასალმებელია“.
„ბუნებრივია, ზოგადად, ჩვენ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ვაფასებთ და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, ესეც არის მისასალმებელი. აქ არ დავალ პიროვნებებამდე, მე ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით. როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ. სადაც შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ, იქ ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი ხალხის მიმართ და იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებს, იქ ვიტყვით მადლობას. სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ გამოვთქვამთ კრიტიკას“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე შეაფასა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განსახილველი თემებიც და აღნიშნა, რომ „როდესაც თვითონ ერევიან, უნდათ, რომ ეს ასე დარჩეს, როდესაც მათ საქმეში ერევიან, უნდათ, რომ პრევენციული ზომები მიიღონ, რაც ორმაგი სტანდარტია“.
კობახიძის თქმით, „არავინ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, როგორც ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება“.
„მარტივად არის საქმე: როდესაც თვითონ ერევიან, უნდათ, რომ ეს ასე დარჩეს, როდესაც მათ საქმეში ერევიან, უნდათ, რომ პრევენციული ზომები მიიღონ. ორმაგი სტანდარტია. ძალიან მარტივად, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ყველას უნდა სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს, ბუნებრივია, არ მოსწონთ. ჩვენი ინტერესია, რომ არც ჩვენ ჩავაყოფინოთ ცხვირი არავის ჩვენს საქმეში. ეს არის ჩვენი საქმე, ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე. აქედან გამომდინარე, არავინ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, როგორც ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. თქვენ იცით, რომ თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონი“ გააპროტესტეს, სხვა საკანონმდებლო აქტები გააპროტესტეს. ყველა ეს კანონი, როგორც მოგეხსენებათ, ემსახურებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას. რა თქმა უნდა, მყარად ვრჩებით ამ პოზიციაზე“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა უპასუხა ერთ-ერთი მედიის კითხვას, რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრისას ეხებოდა თუ არა მისი იდეა და წინადადებები რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან გაყვანას. აღნიშნულის საპასუხოდ კალასმა განაცხადა, რომ „სიმართლეა, რომ რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მისი ჯარები სხვადასხვა ნაწილში არიან განლაგებული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას. ნათელი იქნება, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ისინი გაიყვანენ ძალებს ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან“.