ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი

ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა გადაიხედება.

მისივე თქმით, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება რეალურად ესაჭიროებათ.

„გახსოვთ მაგალითად, თუ არ ვცდები 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს, გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ. აქაც მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ სოციალური ბაზების გადამოწმებაზე, ეს არ იყო გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ არსებითად ეს პროცესი არ დაწყებულა, 2020 წელს კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება. შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-დან ჩამოსულია 9,4% პროცენტამდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და მთავარი ამოცანაა, „ეს მაჩვენებელი გავანულოთ“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ, 50 მილიარდიდან 104 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

„ეკონომიკის ზრდა ნიშნავს - მაგალითად, რომ ნახოთ საშემოსავლო გადასახადის გადახდის მაჩვენებელი, ჩვენი მოქალაქეები ორჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ 2020 წელს, ანუ მათი შემოსავლები ორჯერ გაიზარდა. შემდეგ, არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არის შეჯერებული მსოფლიო ბანკთან, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს იყო 21,3 პროცენტი და ახლა არის 9,4. საშემოსავლო გადასახადს იხდიან 2-ჯერ მეტს. 2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან ჩამოსული სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე. ეს არის ასახული ასევე ბიზნესის ბრუნვაში ინვესტიციებში და ა.შ. საბოლოო ჯამში ძალიან კონკრეტული მყარი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ვერ დამახინჯდება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში გვაქვს პროგრესი. თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს მაჩვენებელი გავანულოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გადამოწმების მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სამართალდარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ბაზიდან პირთა ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს მათ პასუხისმგებლობის დაყენებას.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026