მარგუს ცაჰკნა - ნაცრისფერი ზონები ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის, ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში

სამწუხაროდ, ნაცრისფერი ზონები რუსეთსა და ნატო-ს შორის, ევროკავშირს შორის ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის. ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში. ხვალ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ესტონეთი ხვალ დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავს აღნიშნავს. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელშიც გამარჯვებულები გამოვედით. მაგრამ მინდა ასევე ვთქვა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გარეშე ახლა აქ არ ვიდგებოდი როგორც თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან, სამწუხაროდ, ნაცრისფერი ეპოქა ნატო-ს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის. ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში. ხვალ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავს. თუმცა ეს ომი დაიწყო 2014 წელს. რასაც ვხედავთ არის ის, რომ პუტინი საერთოდ არ ცვლის თავის მიზანს და მშვიდობიან მოსახლეობაზე უფრო და უფრო მეტ დარტყმებს ახორციელებს. როგორც ვთქვი, ეს ნაცრისფერი ზონები, ნეიტრალიტეტი და რაც არ უნდა ვუწოდოთ ამას, მხოლოდ მწვანე შუქია პუტინისთვის, განაგრძოს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, მას დღევანდელ შეხვედრაზე მიიღებენ.

„ის ძლიერი უნდა იყოს და ამ სანქციების პაკეტის ძირითადი ნაწილი საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვაა და ეს დღეს ან ამაღამ, ხვალამდე უნდა გადაწყდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინელებისთვის ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ჩვენ რეალურად მივიღეთ ის, რაც სინამდვილეში არ არის მიღებული. ასევე არის ერთი-ორი ქვეყანა, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, მაგრამ ვნახოთ. მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე და ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026