შალვა პაპუაშვილი - უმაღლესი განათლების რეფორმა, ფაქტობრივად, ესტონური მოდელია და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი, ალბათ თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს

ღიმილის მომგვრელი საკითხია, რომ განათლების რეფორმის საკითხში ერევა სომხეთში ესტონეთის მომავალი ელჩი, ერევა ძალიან უხეშად ცინიკურად. მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად არის ესტონური მოდელი - ალბათ, თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს ესტონეთის ელჩს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

პაპუაშვილის განცხადებით, ესტონეთის ხელისუფლებას აქვს მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

„ის მტრული პოლიტიკა, რომელსაც ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს, ძალიან მძიმეა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ესტონელი ხალხის მიმართ გვაქვს ჩვენი სიმპათიები, თუმცა ვხედავთ, რომ ესტონეთის ხელისუფლებას აქვს მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ხელისუფლებას 102 ადამიანი ჰყავს არასასურველ პირად გამოცხადებული, ლამის ნახევარი მთავრობა, ნახევარი პარლამენტი და ნახევარი სასამართლო, არ ვიცი, კიდევ რამე თუ გამორჩათ და ეს არის, არა თქმა უნდა, მტრული ნაბიჯი. ესტონეთში ყალბ და ფიქციურ რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოდან იქით გადარეგისტრირებული ორგანიზაციები და როგორც ჩანს, ესტონეთის ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ. აქაც ჩანს, რომ ესეც არის მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი საკითხია, რომ განათლების რეფორმის საკითხში ერევა სომხეთში ესტონეთის მომავალი ელჩი, რომელიც ჯერჯერობით აქ არის, მაგრამ ვიცით, რომ ის თავის თავს უკვე ხედავს, სომხეთში ესტონეთის ელჩად. ის ერევა ძალიან უხეშად და ცინიკურად. მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება ახლა საქართველოში, ფაქტობრივად, არის ესტონური მოდელი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი განათლება გადადის და ესტონურ მოდელზე გადასვლას თავს ესხმის ესტონეთის ელჩი. ალბათ, თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს ესტონეთის ელჩს. ესტონეთში თუკი ავიღებთ უნივერსიტეტებს, რომლებიც არის სრულყოფილი უნივერსიტეტები, რომელსაც აქვს სამივე საფეხური, სადოქტოროს ჩათვლით, არის სულ 7 უნივერსიტეტი, საიდანაც 6 -არის სახელმწიფო, ერთი არის კერძო უნივერსიტეტი, სრულ უნივერსიტეტს ვგულისხმობ, ისე არის 15-მდე თუ არ ვცდები. ჩვენთან არის, თუ არ ვცდები, 54 სრულფასოვანი უნივერსიტეტი, საიდანაც, თუ არ ვცდები, 15 არის სახელმწიფო და დანარჩენი არის კერძო. ანუ 7 უნივერსიტეტი 54-ის საპირწონედ. მეორე, ესტონეთის უნივერსიტეტები არიან მუდმივად საერთაშორისო რეიტინგებში სამასეულში, ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტები ათასის მიღმა არიან. იცით რატომ? იმიტომ, რომ ესტონეთმა თავის დროზე ჩაატარა ზუსტად ის რეფორმა, რასაც ჩვენ ახლა ვატარებთ, გაამსხვილა უნივერსიტეტები, სპეციალიზება დააწესა, სულ ერთი სამედიცინო უნივერსიტეტია მთელს ესტონეთში. დღეს ესტონეთის ელჩი თავს ესხმის ესტონურ მოდელს, ჰგონია, რომ არ გვაქვს ცოდნა, ვერ გავიგებთ ესტონეთში რა სისტემაა, ამაზე მეტი ცინიზმი, რა უნდა იყოს?! თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არის მკაფიო დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლისა, თუმცა ესტონეთის ელჩს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა მისი ხელმძღვანელი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აქ რამდენიმე მეტრში მიტინგებს გვიმართავდა და არ მგონია ვენის კონვენცია რაიმე ღირებულებას წარმოადგენდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ელჩის მარგე მარდისალუ-კაჰარმის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026