ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა „ნახიდურ-ჰესისა“ და „მაშავერა-ჰესის“ ავტორი, რომელმაც დაადასტურა, რომ მასთან კომუნიკაციაში მხოლოდ რომეო მიქაუტაძის ძმა, გიორგი მიქაუტაძე იყო

სასამართლო პროცესზე დაიკითხა „ნახიდურ-ჰესისა“ და „მაშავერა-ჰესის“ ავტორი, რომელმაც დაადასტურა, რომ მასთან კომუნიკაციაში მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე [რომეო მიქაუტაძის ძმა] იყო,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ის მოწმე, რომელიც ადასტურებდა, რომ რომეო მიქაუტაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია „მაშავერა-ჰესთან“ და „ნახიდური-ჰესთან“ ბრალდების მხარემ, მტკიცებულებათა ნუსხიდან მოხსნა, რადგან ის ბრალდების დადგენილებას ვერ ადასტურებდა, ამიტომ აღნიშნული მოწმის მოყვანა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს მოუწია.

„სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმე, რომელმაც რომეო მიქაუტაძის ოჯახს 300 000 ლარის ოდენობის თანხა ასესხა. მან თანხის სესხების ფაქტი დაადასტურა და აღწერა ის ფაქტები თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა თანხის გადაცემა. ასევე, ისაუბრა იმაზეც, თუ საიდან ჰქონდა მას აღნიშნული თანხა.

ასევე, დაიკითხა „ნახიდურ-ჰესისა“ და „მაშავერა-ჰესის“ ავტორი, რომელმაც დაადასტურა, რომ მასთან კომუნიკაციაში მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე [რომეო მიქაუტაძის ძმა] იყო. განაცხადა, რომ რომეო მიქაუტაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ჰესებთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ეს ეცოდინებოდა, რადგან პროექტის მართვის პროცესში იყო ჩართული.

პროკურორმა თავის დროზე, ეს მოწმე გამოკითხა, მაგრამ იმის გამო, რომ ბრალდების დადასტურების კუთხით მისი საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენება არ აწყობდა, საკუთარი ნუსხიდან მოხსნა. მაგრამ მათივე გამოკითხული მოწმე ჩვენ მოვიყვანეთ გამოსაკითხად და მან დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ამ პროექტებთან“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!