პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომელიც „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას და შესაბამისი კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საკითხის წარდგენისას განმარტა, ცვლილების მიზანი ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტის, მათ შორის ისეთი ინსტრუმენტების კონსოლიდაციაა, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფს და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა ორიენტირებული.
„კონსოლიდაცია „აწარმოე საქართველოს“ სააგენტოს ფარგლებში მოხდება, რომელიც სამომავლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკად უნდა გარდაიქმნას, რომელიც კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და სრულყოფილად გაატარებს ინტერესებს, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების ფარგლებში ხვდება.
გარდა ამისა, ცვლილებების მიზანია იმ რეფორმის გაგრძელება, რაც სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესს უკავშირდება, რა მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოხდება სახელმწიფო ინსტრუმენტების კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინსტრუმენტების ეფექტიანობის ზრდა“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ კომიტეტის სხდომაზე.
საკითხის განხილვისას, ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ “საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციამდე პარლამენტში ფონდის ხელმძღვანელისა და მმართველის საბჭოს წარმომადგენლების მისვლის და ანგარიშის წარდგენის საკითხი დასვა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, მათ უნდა უთხრან საზოგადოებას, თუ რაში იღებდნენ სოლიდურ ხელფასს, რას აკეთებდნენ და მათი მონაწილეობით განხორციელებულმა რომელმაც პროექტმა გაამართლა და რომელმა პროექტებმა ვერ გაამართლა.
რასაც სოციალური ქსელით ვუყურებთ, ფონდის ბოლო აქტივობა 2025 წლის ახალი წლის მილოცვა იყო. მას შემდეგ, როგორც ჩანს, არაფერი გაკეთებულა. ამიტომ, ვიდრე ფონდის ლიკვიდაცია მოხდება, კარგი იქნება ფონდის სრული ანგარიში მოგვესმინა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.