სოფიო ხორგუანი ევროსაბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ანგარიშზე - საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მოვალეობებს, რომ მოქალაქეები დაცულები იყვნენ წამების საფრთხისგან! ეს არის ყველაზე მძიმე ანგარიში

საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს, რომ მოქალაქეები დაცულები იყვნენ წამების საფრთხისგან! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა დაუსჯელობა, შერჩევითი მართლმსაჯულება, თვალთმაქცობა და უპასუხისმგებლობა.

„ევროსაბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ანგარიშის შეფასება - სახელმწიფო ვალდებულებებს არ ასრულებს - ეს „ოცნების“ პირობებში ყველაზე მძიმე ანგარიშია.

საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს, რომ მოქალაქეები დაცულები იყვნენ წამების საფრთხისგან!

გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ანგარიში საქართველოზე, რომელშიც ასახულია სახელმწიფოს მიერ გაგზავნილი პასუხები. ამ პასუხებით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არამედ არც გეგმავს ქმედითი ღონისძიებების გატარებას. „ოცნების“ პირობებში ეს არის ყველაზე მძიმე ანგარიში, როდესაც კომიტეტი წალეკა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაგზავნილმა საჩივრებმა!

ყველას გახსოვთ წაქცეული, გულწასული მოქალაქე, რომელსაც წიხლს ურტყამს ნიღბიანი მოძალადე, რომელსაც დღემდე პასუხი არ უგია. გახსოვთ ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში თავდასხმის ფაქტები. არც ამ შემთხვევაში უგიათ პასუხი მოძალადეებს.

ხელისუფლება ამბობს, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირებას ვერ აკეთებს. ერთის მხრივ, აცხადებს, რომ იზიარებს კომიტეტის რეკომენდაციას, რომ სამართალდამცველების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყოს, მაგრამ, იქვე ამბობს, რომ ამას არ აპირებს, რადგან, თურმე, სარისკოა დამნაშავეების ვინაობის გასაჯაროება. დაკავების შემდეგ ძალადობა, ადვოკატისა და ექიმის მომსახურების დაგვიანებით უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობა - ეს ყველაფერი დღევანდელობაა.

დაუსჯელობა, შერჩევითი მართლმსაჯულება, თვალთმაქცობა და უპასუხისმგებლობა - ეს გახდა „ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი. ხელისუფლებამ, რომელიც ამაყად საუბრობს მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ვერ უზრუნველყო არაადამიანური მოპყრობისგან მოქალაქეების დაცვა სპეციალურ დაწესებულებებშიც, მაგალითად, ფსიქიატრიულებში.

ეს ვალდებულებები შესასრულებელია არ იმიტომ, რომ ამას ითხოვს ევროპის საბჭო, არამედ იმიტომ, რომ ამას იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები!

სამწუხაროდ, დღეს არავინაა დაცული. არავინაა დაცული იმისგან, რომ ეს მომავალშიც არ გამეორდება.

ამ ანგარიშით დასტურდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მე-14 წელს ვითარება სულ უფრო უარესდება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, შეასრულონ თავიანთი ვალ;დებულება ჯეროვნად და დროულად დაიწყონ მოქმედება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად.

21-ე საუკუნის საქართველოში წამების საფრთხის არსებობა მოქმედი ხელისუფლების პირდაპირი დანაშაულია.

ჩვენი საპარლამენტო გუნდი უახლოეს ხანებში მოითხოვს საკომიტეტო მოსმენებს ყველა შესაბამისი პირის ჩართულობით. უახლოესი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფომ უნდა გაუგზავნოს პასუხები ევროპის კომიტეტს რეკომენდაციების შესრულების შესახებ“, - აღნიშნავს სოფო ხორგუანი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!