თქვენი სიტყვებია ეს ნამდვილად?- ამ კითხვით მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეს, თამარ მახარობლიძეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ, რომელიც მის კოლეგებთან ერთად მოსამართლის აცილებას ითხოვს.
უფრო კონკრეტულად კი, სხდომის დაწყებისას გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოსამართლეს მის მიერ საჯარო სივრცეში კონკრეტულ პოლიტიკოსებთან და საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები წაუკითხა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიმართა მახარობლიძეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა კითხვით, ეკუთვნოდა თუ არა მას ის შეფასებები, რაც უფლებადამცველმა წაიკითხა.
„რაც ბატონმა ომარ ფურცელაძემ შუამდგომლობაში წარმოადგინა და რა განცხადებებიცაა გაკეთებული, ვადასტურებ რომ მე ვარ“, - განაცხადა მოსამართლე მახარობლიძემ. აღნიშნულის შემდეგ სამუშია კოლეგების შუამდგომლობას დაეთანხმა.
„წარმოუდგენელია მოსამართლე ამ გაცხადებების შემდეგ, საქმეს განიხილავდეთ. თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება რურუასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატს, მეხება მეც, თურმე ცირკი მოგვიწყვია... გასაგებია, რომ მაშინ მოსამართლე არ იყავით, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ ბრალდებული პოლიტიკოსების მიმართ", - განაცხადა სამუშიამ.
პოზიცია დააფიქსირა ადვოკატმა ზვიად კორძაძემაც.
„მოსამართლეს მყარად აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია ჩამოყალიბებული და არავინ დაიჯერებს, რომ 2023 წლის შემდეგ ეს ხედვები შეეცვალა.... საიდუმლოს გაგიმხელთ, ტაქტიკის კუთხით მაწყობს კიდეც, არ აიცილოთ ეს საქმე, თქვენს მიერ განხილული ეს საქმე მიუკერძოებლობის ბარიერს ვერასდროს დაძლევს",- განაცხადა კორძაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.