პოლიტიკური დევნის საქმეში ჩართული იყავით, როგორც საზოგადოების წევრი და თქვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხართ, - ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე თამარ მახარობლიძეს, რომლის საქმიდან აცილებასაც ითხოვენ.
„მე პირველად გხედავთ როგორც ჩანს, არა? არ არის გასაგები ჩემთვის რასაც თქვენ ამბობთ ჩემზე, გარდა იმისა, რომ კარგი იურისტი გგონივართ.
„რუსთავი 2“ - თან დაკავშირებით დამნაშავედ მაცხადებთ და როგორ უნდა გამოიტანოთ ობიექტური გადაწყვეტილება? მინიმუმ, „განაჩენი“ გაქვთ დაყენებული, რაშიც ბრალი არ მქონია წარდგენილი, თქვენ ხომ არ უწერდით პროკურატურას ბრალს? პოლიტიკური დევნის საქმეში ჩართული იყავით, როგორც საზოგადოების წევრი და თქვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხართ...
რაკიღა არ მპასუხობთ, არც თქვენი კვალიფიკაცია იმსახურებს ამ საქმის შემდეგ განხილვას, ეს სამართლებრივი ცოდნის მინიმალურ სტანდარტსაც არ შეესაბამება, შეგეძლოთ გეთქვათ, მაშინ იუსტიციის საბჭოში ვსწავლობდი, მომიტევეთ ეს არაკვალიფიციური განცხადება, შემდეგ ვისწავლეო და არ შევუერთდებოდი შუამდგომლობას, მაგრამ რაკი არ უარყოფთ, შუამდგომლობას ვეთანხმები, კვალიფიკაციის პრობლემას ვუერთდები და ასევე, მიუკერძოებლობას ჩემთან მიმართებაში. იმედს არ ვიტოვებ, მაგრამ მოგიწოდებთ, ეს საქმე აიცილოთ",- განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.