რადიკალები ნამდვილად განულებული პოლიტიკური ძალები არიან - იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში, უფრო და უფრო წამოვა რეალური ოპოზიციური ძალები, ვინც ხელისუფლებას სათანადო ოპონირებას გაუწევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ვითომ გაერთიანების ან შეთანხმების პროცესი არის იმ დიდი მავნებლური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ათწლეულებია საქართველოს წინააღმდეგ ვაკვირდებით“.
„ალბათ, ამას ყველაზე კარგად პრემიერ-მინისტრმა გასცა პასუხი. ნულს მივუმატოთ ნული იქნება ნული. ოპოზიცია, ის რადიკალები, ვისზეც გვაქვს საუბარი (ალბათ, ოპოზიციადაც არ ღირს მოვიხსენიოთ), ნამდვილად განულებული პოლიტიკური ძალები არიან, რომელსაც გამოვაცალეთ რადიკალიზმი და ყველანაირად არ მივეცით საშუალება, რომ აგრესიული და სახელმწიფო საწინააღმდეგო გეგმები განეხორციელებინათ. ამიტომ ახლა ისინი შეიკრიბებიან, მოილაპარაკებენ, გაერთიანდებიან თუ რაიმე სხვა მოქმედებას ჩაატარებენ, ვფიქრობ, რომ აქტუალური ნამდვილად არ იქნება. ერთადერთი, რის იმედსაც გამოვხატავ არის ის, რომ მომავალში, ალბათ, უფრო და უფრო წამოვა რეალური ოპოზიციური ძალები, ვინც სათანადო ოპონირებას გაუწევს ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორც ხელისუფლების ნაწილი, რეალურად შეასრულებს თავის დანიშნულებას," - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ შეთანხმებაზე მუშაობს. როგორც ისინი ამბობენ, დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, დეტალები კი საზოგადოებისთვის ცნობილი პარტიებს შორის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ გახდება.