პროკურორი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - შემთხვევის ადგილს ფრონტად მოიხსენიებენ, გიორგი ვაშაძე მოუწოდებს, რომ "უნდა გადატეხონ სიტუაცია" - მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ ყველაფერი უკვე მისაღები იყო, უნდა მომხდარიყო რევოლუცია

არაერთი ბრალდების შემთხვევაში არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილს ფრონტად მოიხსენიებენ, მათ შორის გიორგი ვაშაძე, როდესაც მოუწოდებს იქ მყოფ ბრალდებულებს, რომ "უნდა გადატეხონ ეს სიტუაცია" - შემიძლია გითხრათ, მამუკა ხაზარაძის მოწოდებები აქციის მსვლელობისას, როცა ამბობდა, რომ ასეთ ვითარებაში ყველაფერი უკვე მისაღები იყო, უნდა მომხდარიყო რევოლუცია, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს ე.წ. საბოტაჟის საქმეში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, რომელთა უმეტესი ნაწილი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაა.

"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოთხოვილია არაერთი ინფორმაცია, არაერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს აქციის მიმდინარეობის დროს უშუალოდ ბრალდებულთა ქმედებები. ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ფრონტად განიხილავდნენ და ისეთი ტიპის მოქმედებებს, მოწოდებებს ახორციელებდნენ, რომელიც ცალსახად, ამ შემთხვევაში, ადგილზე არსებული პირების უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების და მოქალაქეების დაპირისპირებას ემსახურებოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს საკითხი" , - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას, თუ რაში გამოიხატა მაგალითად, უშუალოდ ოპოზიციონერების- ნიკა გვარამიას ან ზურა ჯაფარიძის ქმედება.

"ქმედება არის გამოხატული იმაში, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი. როდესაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი იყო არაერთი მოქალაქე, რომლებიც აპროტესტებდნენ მათ კონკრეტული ნების შესაბამისად კონკრეტულ საკითხებს, ამ შემთხვევაში, მოწოდებები იყო იმგვარი, რომ თითქოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო ფრონტი, პოლიციელები იყვნენ მათი მტრები. არაერთი ბრალდების შემთხვევაში არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილს ფრონტად მოიხსენიებენ, მათ შორის გიორგი ვაშაძე, როდესაც მოუწოდებს იქ მყოფ ბრალდებულებს რომ "უნდა გადატეხონ ეს სიტუაცია". ასევე ასახელებენ იმას, რომ უნდა მიაწვნენ პოლიციის თანამშრომლებს, ამბობენ, რომ უნდა დაამხონ კონკრეტული რეჟიმი და უნდა მოხდეს რევოლუცია. მაშინ, როდესაც მხარეები არიან დაპირისპირებულები, ადგილზე იმყოფებიან აღნიშნული პოლიტიკოსები ფიზიკურადაც ჩართული არიან ამ ყოველივეში და მოუწოდებენ მოქალაქეებს დაპირისპირებისკენ, მათ აქვთ თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, მათი ქმედებები მიმართული იყო იმისკენ, რომ პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას შეშლოდა ხელი და ამგვარად მოხდა.

ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მამუკა ხაზარაძის მოწოდებები აქციის მსვლელობისას, როცა ამბობდა, რომ ასეთ ვითარებაში ყველაფერი უკვე მისაღები იყო, უნდა მომხდარიყო რევოლუცია, თუ არ ვცდები, "მთავარი არხის" სიუჟეტია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე ადგილზე, მათი ყოფნის ფაქტებია ასახული. კონკრეტულ შემთხვევაში, არ განვაცალკევებ სადმე დგომას, მნიშვნელოვანია ვითარება, რაც იყო“, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026