ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა განცხადება გააკეთეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა განცხადება გააკეთეს.

პროფესორებმა უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბელა წიფურია უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს მის უნიკალურ როლს როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და ლიტერატურულ სივრცეში.

პროფესორი აღნიშნავს, რომ შედარებითი ლიტერატურის პროგრამის არსებობა არა მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობისაა, არამედ წარმოადგენს თავისუფალი და პროგრესული აზროვნების საფუძველს, რაც თავის მხრივ აუცილებელია ლიტერატურული და კულტურული განვითარებისათვის.

“შედარებითი ლიტერატურა არის ერთგვარი ქოლგა დისციპლინა, რომლის ფარგლებში მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამერიკისა თუ ევროპის ყველა დიდ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც 20 წლის წინ დაარსდა და იყო საქართველოსთვის ინოვაციური პროგრამების ღია სივრცე. ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია საქართველოში არის და იყო შედარებითი ლიტერატურის პროგრამა, რომელიც უნიკალურია - სხვა უნივერსიტეტებს ასეთი დასახელებით და ზუსტად ამ ფოკუსით პროგრამა არ აქვთ.

ამ პროგრამის არსებობა არის ჩვენი თავისუფალი და პროგრესული აზროვნების წინაპირობა, ისევე როგორც თავისუფალი ლიტერატურული თუ კულტურული განვითარების წინაპირობა”,- აცხადებს პროფესორი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების პროფესორი, რეზო მარსაგიშვილი გაუგებრად მიიჩნევს დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა 20-მდე უნდა შემცირდეს, რაც მისი შეფასებით 65%-იან კლებას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის პროგრამის განვითარებას.

მისი შეფასებით, უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სრულფასოვანი ფუნქციონირება ქვეყნის განათლებისა და კულტურული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ილიას უნივერსიტეტის ანგლისტი კურსდამთავრებულები ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან ყველგან, სადაც ინგლისურენოვანი ზეპირი თუ წერილობითი ტექსტებით მუშაობის აუცილებლობაა. ამგვარი დაწესებულების არსებობა დღევანდელ საქართველოში მუდმივად იზრდება. მოთხოვნის შესაბამისად ყოველწლიურად მატულობს ჩვენი პროგრამის სწავლის მსურველთა რიცხვი. მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წელს 322 პირველკურსელს აქვს არჩეული ანგლისტიკის საბაკალავრო პროგრამა. ილიას უნივერსიტეტზე ატეხილი ქარტეხილის მიუხედავად, ამ წუთისთვის სხვა უნივერსიტეტების 31 სტუდენტს აქვს განაცხადი შეტანილი ანგლისტიკის სწავლის გასაგრძელებლად.

ზემოაღნიშნულის ფონზე არაბუნებრივად გამოიყურება რეფორმის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს მისაღები კონტინგენტის 20 სტუდენტამდე შემცირება ანგლისტიკის სასწავლო პროგრამაზე. ამასთან, რეფორმით განსაზღვრული კვოტა არსებითად ეწინააღმდეგება თავად რეფორმის მიერ გამოცხადებულ მიზანს, უნივერსიტეტებმა განავითარონ მათი ტრადიციული დარგები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებთა ასეთი მკვეთრი - 65%-ით შემცირება ვერანაირად ვერ წაადგება ტრადიციულ საგანმანათლებლო პროგრამის შენარჩუნებას“,- აცხადებს პროფესორი.

მისი შეფასებით, ოთხივე ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების არსებული ფორმით ფუნქციონირება ქვეყნის განათლების სისტემისა და საერთო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის შენარჩუნება საგანმანათლებლო ტრადიციის გაგრძელების აუცილებელ პირობად მიგვაჩნია სხვა ისეთ ლინგვისტურ და ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამებთან ერთად, როგორიცაა გამოყენებითი ენათმეცნიერება, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობა, რუსისტიკა.

ილიას უნივერსიტეტი 35 წლიანი დამოუკიდებელი საქართველოს წარმატებული ინსტიტუციაა, ის თანამედროვე ევროპული ტიპის მულტიდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრია, რომლის ოთხივე ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დღევანდელი სახით ფუნქციონირება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წინაპირობად მიგვაჩნია“, - აცხადებს პროფესორი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026