625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" ადვოკატმა განაცხადა, დაცვის მხარემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა, ამ ეტაპზე უარი მიიღო, თუმცა სასამართლო სხდომა 18 მარტს ჩაინიშნა.
მისივე თქმით, საქმეში ბრალდებული ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი პირობითი მსჯავრით 2025 წლის გაზაფხულზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
„ერთი წლის წინ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს. კახა კოტორაშვილის პროცესი 18 მარტს არის ჩანიშნული და ველოდებით, რომ როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეების მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდა, ჩვენს მიმართაც გავრცელდება, ვინაიდან, რამე ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირი ჩვენი მხრიდან არ დასტურდება.
პროკურატურას მივმართეთ საპროცესოსთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით უარია ამ ეტაპზე“,- აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, რა არგუმენტით ითხოვს დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმების ანალოგიურ პირობებს, ქარჩავა პასუხობს, რომ კოტორაშვილის როლი შემოიფარგლებოდა გადასახურდავებელ ჯიხურში საქმიანობით და იგი არ წარმოადგენდა ორგანიზატორს ან თანხის შემომტანს.
„პირველ რიგში, გადასახურდავებელი ჯიხური იყო და ვისაც საქართველოში შემოჰქონდა და ვინც იყო მთავარი ორგანიზატორი მათ მიმართ გავრცელდა შეღავათები, ჯიხურის თანამშრომელმა რა დააშავა, მით უმეტეს, კოტორაშვილია გვარად“, - აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, თუ ბრუნვა იყო „ჩვეულებრივი“, რატომ გახდა საქმე ფულის გათეთრების კვალიფიკაციის საგანი, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმე „კარგად შეფუთულ პიარს“ წარმოადგენს. მისი თქმით, დასახელებული თანხა — 625 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო არ იყო ერთჯერადი ოპერაცია და საუბარია ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ბრუნვაზე.
„ეს იყო კარგად შეფუთული პიარი. ის თანხა, რომელიც დასახელდა (625 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო) ეს არ იყო ერთჯერადი თანხა, ეს იყო 4 წლის განმავლობაში - 2022 წლიდან , 2025 წლის ჩათვლით ბრუნვაში მიმოქცეული თანხა. ჯიხური ჩვეულებრივ იბეგრებოდა და სახელმწიფო გადასახადს იხდიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი.
თუ არის დარღვევა ამისთვის არსებობს საგადასახადო ორგანო და ეროვნული ბანკი.
დღესაც გრძელდება იგივე საქმიანობა სავალუტო ჯიხურებში, ეს კარგად იცის სახელმწიფომ. უბრალოდ, ეჭვი ჰქონდათ, მანქანებით თანხა რომ გადმოჰქონდათ, ვინმე ხომ არ მფარველობდათ. ჩვენ აღნიშნულ ქმედებასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. გამოძიებითაც დადასტურდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფთან რამე კავშირი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ როგორც სხვა ჯიხურები, ჩვენც ვახურდავებდით გარკვეულ თანხას - რუსულ რუბლს“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისი შეფასებით, საქმე წარმოადგენს „სტანდარტულ ბრალდებას“, რომელსაც სახელმწიფო ხშირად იყენებს სავარაუდო დანაშაულებრივი სქემების გამოსავლენად.
„ის მოწმეებიც კი, ვინც გაათავისუფლეს პირობითით, ყველა ამბობს, რომ 100 ათასი დოლარის დახურდავებაში მათ რჩებოდათ 50-დან 100 დოლარამდე. ანალოგიური თქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე. დაკავებამდე ჩვეულებრივ აგრძელებდა საქმიანობას. ეს არის სტანდარტული ბრალდება, რასაც ხშირ შემთხვევაში მიმართავს სახელმწიფო იმისათვის, რომ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინოს. დღევანდელი გამოძიებით დადასტურდება, რომ კოტორაშვილს ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ფულს ახურდავებდა“, - აცხადებს ადვოკატი.
პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.