აკაკი ბობოხიძე - „ოცნება“ თავადაა საბოტაჟის ჩამდენი, მოვა დრო, გასამართლდებიან - საკმარისია ეუთო-ს ექსპერტთა ჯგუფთან პოზიცია დააფიქსირო, რომ ბრალდება წაგიყენონ, მათ ბევრი იციან, უჩვენოდაც გაიგებენ, ისეთი რაღაცებიც გვითხრეს, ჩემთვისაც არ იყო ცნობილი

„ქართული ოცნება“ თვითონ არის საბოტაჟის ჩამდენი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ სასამართლო პროცესის დახურვას.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ მუხლს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს და ბრალდებულებს „მძევლად“ ამყოფებს, საქმე კი “წმინდა პოლიტიკური პროცესია“.

„გარწმუნებთ მოვა დრო, ისინი გასამართლდებიან სწორედ ამ მუხლით, რომელიც მათ მიერ არის შემოტანილი. გასამართლებამდე ეს ადამიანები მძევლად ჰყავთ. პასპორტს ართმევენ უცხოეთში რომ ვერ გავიდნენ და პარტნიორებს, რომ ვერ ეკონტაქტონ. არ არსებობს ცუდი, რომლის მოლოდინიც არ შეიძლება გვქონდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში“,- განაცხადა ბობიხიძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებაზე „ქიმიური მოწამვლის“ შესახებ ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით.

ბობოხიძემ განაცხადა, რომ საბოლოო დასკვნა სახელმძღვანელო იქნება ეუთო-ს დამფუძნებელი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და, მისივე თქმით, მათთვის ცნობილი გახდა ისეთი დეტალებიც, რაც თავადაც არ იცოდა.

“ის, რაც არის ჩვენი მოსაზრებები, მიიღოს გამოძიების სახე და დასტურდება, როგორც ფაქტი და არა როგორც მოსაზრება. დასკვნა იქნება სახელმძღვანელო ეუთო-ს დამფუძნებელი სახელმწიფოებისთვის. ძალიან ბევრი რამ იციან, უჩვენოდაც გაიგებენ. ისეთი რამეებიც გვითხრეს, რაც ჩემთვისაც არ იყო ცნობილი. სახელები და გვარები, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრები პრობლემების წინაშე რომ იყვნენ. მე ვაბრალებდი სხვა დაავადებას, შეიძლება ყოფილიყო ინსპირირებული გაზის ზემოქმედებისაგან.

რას ამბობს ხელისუფლება? - საკმარისია ამ ექსპერტთა ჯგუფთან შენი პოზიცია დააფიქსირო, შეიძლება ამ მუხლით ბრალდება წაგიყენონ. თურმე კობახიძის წინააღმდეგ რამის თქმა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობა. თურმე არ უნდა თქვა, რომ ვიღაცა ცუდია. არ უნდა თქვა, რომ შს მინისტრი დასანქცირებელია“,- აცხადებს ბობოხიძე.

ბობოხიძის თქმით, სავალდებულოა დადგინდეს, რა ტიპის ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული - კონკრეტულად „კამიტი“ თუ სხვა ნივთიერება.

ბობოხიძე ასახელებს, რომ ეუთო-ს ექსპერტები კვლავ მუშაობენ ქიმიური ნივთიერების დადგენაზე, საბოლოო დასკვნა იქნება დადასტურება ან უარყოფა.

„BBC-ის საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის სავარაუდო დასკვნა. რომ ამ სიმპტომებს წყალთან ერთად კომბინაციაში იძლევა კამიტი. ახლა დასადგენია, ნამდვილად კამიტი იყო თუ სხვა ქიმიური ნივთიერება. რა მნიშვნელობა აქვს მოწამვლა კონკრეტულად გამოიწვია ამ თუ სხვა ნივთიერებამ. წყალთან შერევამ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, მაშინ მნიშვნელობა აქვს კამიტით მოხდება თუ სხვა ქიმიური ნივთიერებით?

ეუთო-ს ექსპერტები ისევ მუშაობენ კამიტზე და მივლენ დადასტურებამდე ან უარყოფამდე. ეს არ დარჩება გაურკვეველი. ან დამთავრდება დადასტურებით ან უარყოფით“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026