საბოტაჟის სახელით წოდებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გაუგებარ ფორმულირებებს და ვერსიებს მოიცავს, გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღეს - პროცესი მთლიანად დახურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერ დაესწრება, გარდა მხარეებისა, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ საქმეს მეტი გამჭვირვალობა სჭირდება.
„მოსამართლის მხრიდან გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომლის მიმართ იყო დასაბუთებული აცილების საფუძველი. იმის ნაცვლად, რომ აეცილებინათ, საერთოდ პროცესი დახურა. ეს ისეთი საქმეა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და სანდოობა სჭირდება“, - აღნიშნა ბესელიამ.
ბესელია აცხადებს, რომ მმართველი პარტია შესაძლოა პროცესის გაწელვას ცდილობდეს. მისი არგუმენტით, პატიმრობაში მყოფ პირებს კანონით 9-თვიანი ვადა აქვთ განაჩენამდე, მაგრამ გირაოს შემთხვევაში საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 24 თვის განმავლობაში, რაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების კალენდარს.
„ჩემი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ ამ პროცესს გაწელავს. თუ პატიმრობაში არ ეყოლებათ ეს პირები და გირაოს იყენებ ეს ერთგვარად მოიცავს შემდეგ ქვეტექსტს: პატიმრობაში მყოფ პირებს, მხოლოდ 9- თვიანი ვადა აქვთ განაჩენისთვის, მაგრამ ადამიანი თუ გირაოს ქვეშ არის და საქმე გრძელდება, ბრალდების განხილვის ვადაა 24 თვე, ანუ 2 წელი, შესაბამისად, მეტი ვადა აქვთ. ვფიქრობ, ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ გაახანგრძლივონ ეს საქმე და რაღაც პოლიტიკურ პროცეს დაუკავშირონ.
ორ წელიწადში კალენდარული არჩევნებია. შემთხვევით არ მიხსენებია საქმის განხილვის ვადად ორი წელი, კალენდარულად ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს. მანამდე თუ ინიშნება ვადამდელი არჩევნები, იქამდეც შეუძლიათ დაამთავრონ. როგორც დასჭირდებათ, ისე მოიქცევიან.
ოპოზიციონერი ლიდერების ერთ საქმეში გაერთიანება, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქ ჩანს ის, რომ ვიღაც დაჯდა, იფიქრა და პოლიტიკური სურათი შექმნა. ამგვარად, ეს შეიძლება იყოს სავაჭრო თემაც, გარიგების თემა საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება ცვლილებებს, სადაც კანონს ემატება „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ მუხლი, ბესელია მიიჩნევს, რომ ის დაკავშირებულია მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
მისი სიტყვებით, გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციაზე და საერთაშორისო სამართალზე მაღლა დგას. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ძალადობრივი გზით არ უნდა შეზღუდონ პირის გამოხატვის თავისუფლება.
„არ ვიცი რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ძალიან კარგად ეტყობა ამ მუხლს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის გამო მიიღეს. პირდაპირ არ წერია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის გამო გააკეთეს ეს ჩანაწერი.
არ ვიცი რა გათვლა აქვთ და რას ფიქრობენ. გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, ადამიანი საკუთარ თავს ან ვინმე სხვას როგორ მოიხსენიებს, ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს, რადგან ამ კანონზე მაღლა დგას კონსტიტუციაც და საერთაშორისო სამართალიც.
ლეგიტიმაცია ანუ ნდობა დაფუძნებულია, როგორ აღიქვამს ადამიანი შენს პიროვნებას. ამას კანონით ვერავის ვერ აიძულებ. ამაზე ბევრს ხარხარებს საზოგადოება“, - განაცხადა ბესელიამ.