საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა, ჯამში 64 095-ს შეადგენს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებიან.
როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა არის საშუალო სკოლის მასწავლებლებსა და გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერებზე.
„ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად. ეს მაჩვენებელი შეადგენს 64 095-ს. აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის, ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც.
რაც შეეხება პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროების მოთხოვნას, აქ ლიდერობს შემდეგი პროფესიები: საშუალო სკოლის მასწავლებლები 6149; გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4761; ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2781, ექიმი სპეციალისტები 2701, მშენებლობის მენეჯერები 1710, პროგრამისტები 1691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1655, მშენებლობის ზედამხედველები 1299, ელექტროტექნიკოსები 1124, მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები 1008. ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე.
მთავრობის მეთაურის თქმით, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით.
„შედეგები არის ძალიან შემაშფოთებელი. იმთავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. ჩვენ შევისწავლეთ სამუშაო ძალაზე 5-წლიანი მოთხოვნა, პროფესიული ჯგუფების მიხედვით. 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით და სხვა მაკროეკონომიკური მოდელებით. ამ მოდელებში გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი და ა.შ. ყოვლისმომცველი კვლევა განხორციელდა",- განაცხადა კობახიძემ.