ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს პერიმეტრზე კვლავ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
გასული სხდომისგან განსხვავებით დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა გიორგი მიქაძე.
სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, დავით მიქაძის დაცვის წევრსა და ე.წ. საშხაპის თანამშრომელს დაკითხავენ.
დღევანდელ სხდომაზე ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლი უნდა დაკითხულიყო. ჯოხაძის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მოწმე თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რის გამოც, მან სასამართლოში მოსვლაზე უარი განაცხადა.
ამასთან, დაცვის მხარემ შუამდგომლობა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეც არის, შესაბამისად ისინი საქმეში უცხოელი ადვოკატის ჩართვას ითხოვდნენ, რომელიც გიორგი მიქაძის მეგობარია.
ბრალდების მხარემ კი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო და დასძინა, რომ პროცედურული საკითხები დაცული უნდა ყოფილიყო.
აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა არ დააკმაყოფილა. როგორც მან აღნიშნა, იმისათვის რომ ადვოკატმა პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი უნდა იყოს.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.