პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შეფასებით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება.
“ლელოს“ წარმომადგენლის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, შესაძლოა “ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება და საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას სწორედ ამიტომ განაგრძობს.
“იმის მიუხედავად, რომ მორიგი არჩევნები 2.5 წელიწადში უნდა ჩატარდეს, მათ გადაწყვიტეს, რომ “საარჩევნო კოდექსი“ კიდევ უფრო გააუარესონ, თან იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესების პროცესს განგრძობითად ვხედავთ. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს? - პასუხი მარტივია - “ქართული ოცნება“ შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, ოღონდ გაუარესებული და ცუდი საარჩევნო პირობებით, რადგან ნორმალური არჩევნებითა და კარგი საარჩევნო კანონის პირობებში “ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი არა აქვს.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის სხდომები პრაქტიკულად დაიხურება და აღარ იქნება მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა. კიდევ უფრო ცუდია ცვლილება, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეხებათ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე ქართული კანონმდებლობის მცოდნე, გამოცდილი დამკვირვებლები ჰყავდეთ, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. ისინი მხოლოდ თარჯიმნის იმედად იქნებიან.
საერთო, ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება, რაც ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში არ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და კანონი “ქართულ ოცნებაზე“ იყოს მორგებული“, - აცხადებს თორნიკე ართქმელაძე.
“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.
ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.
“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან.
ცნობისთვის, პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსი“ მიიღო. ახალი საარჩევნო კოდექსით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი წესები შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა.